გაეროს ბავშვთა კომიტეტმა (CRC) დააკმაყოფილა "საფარის" მოთხოვნა და საქართველოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გამოთხოვის, გასაჯაროების, და გადაცემისგან ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის. როგორც ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დღეს განაცხადა, ამით შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 ივნისის ბრძანების აღსრულება.
საქმე ისაა, რომ გასულ თვეში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის "საფარმა", ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, სასამართლო განჩინებები მიიღეს, რომლითაც მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია. ორგანიზაციებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის წარდგენას შემდეგი კანონების საფუძველზე სთხოვდნენ: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ ორგანული კანონი და "გრანტების შესახებ" კანონი.
"საფარის" დირექტორის მოადგილე ეკა მუზაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, პრაქტიკულად რას ნიშნავს გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის დროებითი ღონისძიება (Interim measures) და პირდაპირ მოწოდებას წარმოადგენს, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.
"წერილში, რომელიც მივიღეთ და სახელმწიფომაც მიიღო პარალელურად, პირდაპირ წერია აბზაცი, სადაც CRC სახელმწიფოს ეუბნება, რომ არ უნდა დაუშვას ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ეს არის საერთაშორისო ვალდებულება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გაერომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება (Interim measures) საქართველოში იყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების საქმე 2021 წელს, როდესაც თქვა, რომ სანამ მე ამ საქმეს განვიხილავ, სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაცალოს თავშესაფარი და გადაიყვანოს ბავშვები. იმავე თვეს სახელმწიფომ გაიყვანა ბავშვები იმიტომ, რომ ეს უბრალოდ რეკომენდაცია არ არის და თავისი შინაარსიდან გამომდინარე ვერც იქნება. ეს რეკომენდაცია რომ იყოს ისეთი, როგორც პოლიტიკურ განცხადებებში შეშფოთებას გამოხატავენ ხოლმე ან რაღაცას ურჩევენ ქვეყანას, ასეთი სწრაფი შედეგები ვერ ექნებოდა, როგორც საქართველოში აქამდე ხდებოდა",- ამბობს ეკა მუზაშვილი.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" გაეროს მოთხოვნას გვერდს ვერ აუვლის და შესაბამისად, არ გააგრძელებს წარმოებას "საფარის" წინააღმდეგ.
"მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ ახლა, 20 ივნისის საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ასე თქვა. გაეროს კომიტეტებს არ აქვთ სასამართლოს სტატუსი, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ისეთივე სავალდებულოა, როგორც სტრასბურგის, იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება დროებით ღონისძიებას, რომლის მიღწევაც არის ურთულესი, ძალიან რთულია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციას, როგორც გაეროა, დაანახვო, რომ რაღაც ძალიან სასწრაფოა. ამასთან, ბევრად უფრო ნაკლებია შანსი, რომ გაერომ საქმე მიიღოს წარმოებაში, ვიდრე სტრასბურგმა. შესაბამისად, აქ არ არსებობს სივრცე იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს არ შეასრულოს.
"ოცნების" მოსალოდნელი ნაბიჯები იქნება ის, რომ უბრალოდ არ გააკეთებენ არაფერს. ანუ პრაქტიკაში არ გააგრძელებენ წარმოებას "საფარის" წინააღმდეგ. ჩვენ აქ ყველა საშუალება ამოწურული გვაქვს, ანუ თავის დროზე, სანამ გაეროში ეს საქმე შევიდოდა, მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, სააპელაციოს, საკონსტიტუციოს, ვთხოვეთ ამის გაუქმება, რაზეც უარი გვითხრეს. შესაბამისად, ამაზე ახალ წარმოებას აღარ დაიწყებენ. ვფიქრობ, რომ პროპაგანდისტულად შეეწინააღმდეგებიან, ანუ დაკნინება მოხდება, რომ მნიშვნელოვანი არ არის. არ ვიცი ჯერ, მათი მესიჯბოქსი რა იქნება. მაგრამ სამართლებრივად, რაშიც ეს პრაქტიკულად გამოიხატება, არის ის, რომ ბრძანება სასამართლოში ვერ აღსრულდება, რადგან გაერო პირდაპირ წერს, რომ სახელმწიფომ სასამართლოს ეს ბრძანება არ უნდა აღასრულოს ჩვენს წინააღმდეგ. თუ რაღაც შემოვლითი გზებით ეცდებიან პრაქტიკულად აღასრულონ მაინც, ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პასუხისმგებლობა, რომელიც ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. რეალურად არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოს არ შეუსრულებია გაეროს გადაწყვეტილება",- აცხადებს "საფარის" დირექტორის მოადგილე.




























