"ოცნების" პარლამენტმა ფინანსური დანაშაულის აღსრულების მექანიზმების გამკაცრების მიმართულებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. "ოცნების" დეპუტატების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
"ბაჩიაშვილით ინსპირირებული" კანონპროექტით, პირები, ვისაც ზიანის ანაზღაურება დაევალათ, სასჯელის მოხდიდან 16 წელი ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ ქვეყანას
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი არიან.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა სოციალური დაცვის ღონისძიების გამოყენებისას სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი. კერძოდ, სოციალური დაცვის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.
კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადებიც.
მისი თქმით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა არის სოციალური დაცვის ღონისძიება და მისი მიზანია პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.
„თავად საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატებს კითხვები არ გასჩენიათ. რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი დეპუტატებმა ერთად შეიმუშავეს და მასთან მიმართებით სრული კონსესუსი აქვთ. მხარდაჭერამდე კი გორდულაძემ დასძინა, რომ მომავალში ფინანსური დანაშაულის აღსრულების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება.
"ამ კანონპროექტის საჭიროება წარსულში არსებულმა გამოწვევებმა ცხადყო. ჩვენი დედაქალაქის რეალობიდანაც რომ ვიმსჯელოთ, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა თუნდაც დაუმთავრებელი მშენებლობების ფარგლებში, ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ფინანსურმა სქემებმა და დანაშაულებრივმა გეგმებმა საბოლოო ჯამში არაერთ ადამიანს დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის მექანიზმი არსებობს, ფაქტია, რომ მისი ეფექტურობა გასაზრდელია და ამავდროულად სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ადამიანების უფლებების გასაუმჯობესებლად და უფლებების აღსადგენად დროში სწრაფი და ეფექტური მექანიზმი არსებობდეს. რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული საბოლოო სახით მივიღოთ. და იმ დამნაშავეებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ ან აქვთ, რომ თავიანთი ქონებები გადამალონ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ, მარტივად იქნება შესაძლებელი, რომ მათი გადამალული, იქნება ეს მათ ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან თუ მათთან დაკავშირებულ პირებთან ქონებები მოძიებული იქნება და დაზარალებულების სასარგებლოდ მიიქცევა. ამ ადამიანებს ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილი აღარ უნდა გაუჩნდეთ, რადგან გარანტია იქნება, რომ სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე, ქონებებს მოიძიებს შესაბამისი საგამოძიებო და სასამართლო სისტემის ჩართულობით და მიყენებული ზიანი, საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ანაზღაურდება", - განაცხადა გორდულაძემ.