მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" კანონიდან ტერმინ „გენდერს“ იღებს, „გენდერულ თანასწორობას“ კი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ ცვლის

საჯარო სამსახური

"ქართული ოცნება" საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინ „გენდერს“ ამოიღებს. ამის შესახებ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.

განმარტებითი ბარათის თანახმად, თავად კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“.

დოკუმენტში "გენდერი" ხელოვნურად შექმნის ტერმინადაა მოხსენიებული და უცხოურ გავლენებზეა საუბარი.

"ბიოლოგიური სქესი პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება",- წერია განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტით ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საბჭოების ლიკვიდაცია რესურსებს დაზოგავს. ამასთან, გენდერული თანასწორობის ნაცვლად, ანონსდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე მუშაობა.

"საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 50 ათასი ლარი (პროგრამული კოდი: 01 01 03 02). კანონპროექტის მიღების შემდეგ, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განსახორციელებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნული მიმართულებით აქტივობებს განახორციელებს შესაბამისი კომიტეტებისა და სხვა საპარლამენტო სტრუქტურების მეშვეობით",- წერია დოკუმენტში.

ცვლილებების ავტორები და ინიციატორები ერთპარტიული პარლამენტის შემდეგი წევრები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები