თინათინ რუხაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანდამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. ბიზნესკონსულტანტი ამბობს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მასაც ეშინია, მაგრამ სხვანაირად ყოფნა არ შეუძლია. "არ შეიძლება, დავთმოთ ის, რაც ძალიან ძვირფასია - ჩვენი თავისუფლება, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული გზა, ჩვენი კეთილდღეობა. მაშინ რისთვის ვარსებობთ?! არ ვიცი", - ამბობს თინათინ რუხაძე.
- რას უკეთებს „ქართული ოცნება“ საქართველოს და რატომ?
- ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ; ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს ოპერირება მოქალაქეებსაც და ბიზნესსაც. ჩემი, როგორც მოქალაქე თიკა რუხაძის რწმენით, „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს და ამას აკეთებს ყოველდღიურად, ყოველწუთიერად; მეშინია კიდეც საინფორმაციო [გადაცემებისთვის] შეხედვის, რადგან ვიცი, აუცილებლად ვიპოვი და[მოვისმენ] რაღაც ისეთს, რაც შეშფოთების და მომავლის მიმართ პესიმიზმს აჩენს.
- „ოცნებამ“ როცა „რუსული კანონი“ დააბრუნა დღის წესრიგში, მახსოვს, ვსაუბრობდით იმაზე, მიზანი იყო ძალაუფლების შენარჩუნება. დღეს რა შეიძლება იყოს მთავარი მიზანი - ასე რატომ ექცევიან ქვეყანას?
- მგონი, მიზანი არ შეცვლილა. ისევ ძალაუფლების შენარჩუნებაა მთავარი მიზანი. მათი ყველა ნაბიჯით ეს დასტურდება - ყველანაირი მექანიზმით შეინარჩუნონ ძალაუფლება.
- როგორ გამოვიყურებით მოქალაქეები ამ ვითარებაში - უწყვეტი პროტესტის 68-ე დღეს ვიგებთ თუ ვაგებთ თუ მთლიანად ქვეყანა აგებს?
ორი აზრი არ არსებობს, რომ ქვეყანა აგებს, მაგრამ რაც შეეხება მოქალაქეებს, ვფიქრობ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა და შედგა; ამის ნიშნებს ყოველდღე ვხედავთ - საკუთარ ფასეულობებს ვიცავთ და მესიას არავინ ელოდება; არავინ ელოდება ლიდერების გამოჩენას... ჩვენ ვდგავართ იქ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. მახსოვს, შარშან, [როცა რუსული კანონის გამო მიმდინარეობდა აქციები], თქვენთან გადაცემაში ვთქვი, რომ განა არ გვეშინია იქ დგომის?! მაშინაც ბევრს ეშინოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, მაგრამ იმის უფრო მეშინოდა და მეშინია, რა მოხდება, რომ არ გამოვიდე და ხმა არ ამოვიღო. ყოველდღიურად ვაცნობიერებ, რომ რისკის ქვეშ ვაყენებ საკუთარ ბიზნესს, ჩემთან დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებს, რაც დარწმუნებული ვარ, ყველა ბიზნესის მეპატრონისთვის თუ მმართველისთვის უზარმაზარი სტრესია. ერთია შენს თავს გადაუწყვიტო და მხოლოდ ოჯახთან შეათანხმო რას აკეთებ და მეორეა, შენი განცხადებით დააყენო დარტყმის ქვეშ ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლებიც ყოველდღიურად თავის ოჯახებს არჩენენ იმით, რასაც თქვენთან ერთად ქმნიან. ამდენად, სტრესი არის უზარმაზარი, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო ძლიერდება. სულ მეკითხებიან - რატომ დგახართ რუსთაველზე? გგონიათ, რომ აზრს შეიცვლიან? სულ ვპასუხობ, რომ მთელი ცხოვრება სტრატეგიების დაგეგმვაში ვარ - ეს არის ჩემი ძირითადი საქმე, სხვებს ვეხმარები სტრატეგიების დაგეგმვაში, მაგრამ ახლა ისეთი მომენტია, როცა არც მომავლის მოდელირებას ვაკეთებ და არც [სხვა რამეს]... უბრალოდ, არ შეიძლება, რომ გავჩერდეთ. არ შეიძლება, დავთმოთ ის, რაც ძალიან ძვირფასია - ჩვენი თავისუფლება, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული გზა, ჩვენი კეთილდღეობა. მაშინ რისთვის ვარსებობთ?! არ ვიცი.
- დღეს რომ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი იყოთ, დღეს რას ურჩევდით?
- არჩევნების დანიშვნას...
- „ოცნებას“ მთავრობაში ახალი არჩევნების მოთხოვნა ზედაპირული ჰგონიათ. თქვენი აზრით, რატომ გვჭირდება ახალი არჩევნები და რატომ უკავშირებთ მას კრიზისის დასრულებას და ევროპულ გზაზე დაბრუნებას?
- საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა თუ არა, უკვე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ვიღაცას სჯერა, რომ გაყალბდა, ვიღაცას არ სჯერა. დღეს საუბარია იმაზე, რომ ხალხის აზრით, ეს მთავრობა არაა ლეგიტიმური, ეს ხელისუფლება მე არ ამირჩევია, და ის, რაც ხდება ქვეყანაში, არაა ჩემთვის მისაღები, ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს, რომ დააფიქსიროს თავისი ხმა. ამ მოცემულობაში არ ვიცი, როგორ აღიქვამს „ოცნება“ სიტუაციას - როგორც პირად გამოწვევას, რომ არაფერს დათმობს, რადგან ჰგონია, რომ მიიღო ამდენი ხმა...
- დიახ, ასე ჰგონია - ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ გაიმარჯვა...
- კი ბატონო, ეს არის „ოცნების“ ლოგიკის ნაწილი და მათი ამომრჩევლების დიდ ნაწილს ასეც სჯერა, მაგრამ საქმე ამაში არ არის. როგორც არ უნდა გჯეროდეს [რაღაც], პოლიტიკურ კრიზისში რომ ვართ შესულები, ამას არც მათი მხარდამჭერები უარყოფენ და არც მათი მოწინააღმდეგეები. შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვისთვის ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალამ ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- უკანონობას უნდა დაესვას წერტილი.