პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მომავალი წლიდან დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას გეგმავს, ამ მიზნით "ანტი-ლგბტ" და "რუსული" კანონების დათმობას არ აპირებს - ამის შესახებ მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე - დათმობს თუ არა "ოცნება" ორ კანონს, რომელიც ევროინტეგრაციას აფერხებს, რამეთუ ევროკავშირის წარმომადგენლები ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენის ერთ-ერთ პირობად სწორედ "რუსული" და ანტი-ლგბტ კანონების გაწვევას ითხოვენ, მდინარაძის პასუხობს - "არა".
"განსაკუთრებით ეს შეეხება ლგბტ პროპაგანდას, იმიტომ რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომლის ხარჯზეც, არ შეიძლება, ვინმე ევროინტეგრაციაზე უარის თქმით გვევაჭრებოდეს, გვაშინებდეს, გვაშანტაჟებდეს, გამორიცხული ამბავია. არ შეიძლება, რომ ამ პროპაგანდის გაუქმებაზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, წარმოუდგენელია ასე ლაპარაკი.
გვეკითხებოდნენ, რატომ გაგიხარდათ ტრამპის არჩევაო (ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში), როგორც მინიმუმ ორი მიზიზია: ერთი, ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, როგორც კანდიდატის, ის ირჩევს მშვიდობას, და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, რაც ნიშნავს ჩვენს მიმართ ცუდი ინტერესების, მეორე ფრონტის ინტერესის აღარ არსებობას. მეორე, ამ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ის წნეხი, რაც იყო აქამდე ამ კანონის გაუქმება-არ გაუქმებასთან დაკავშირებით, ცოტა მაინც შეარბილდება.
გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, იგივე პოზიციას ვაფიქსირებ, მაგრამ განსაკუთრებით ლგბტ კანონზე. დისკუსიაშიც კი არ შევალთ, არგუმენტებსაც აღარ ვეტყვით, არ უნდა გვითხრან, რომ ამით ევროკავშირში ვერ შევალთ", - ამბობს მამუკა მდინარაძე.