საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2007 წელს შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას გეგმავს - გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ერთეულის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოხდა და იყო ნაბიჯი, რომელმაც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს მძიმე ზიანი მიაყენა.
„2006 წლის ნოემბერში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, რამდენიმე თვეში შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიც ანალოგიურად, კონსტიტუციის დარღვევით დაფუძნდა და იმავე არაკონსტიტუციურ „ალტერნატიულ მთავრობის“ საფუძველზე ჩამოყალიბდა.
„ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება თავიდანვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების დარღვევა.
„არავითარი "სამხრეთ ოსეთი" ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ“, - განაცხადა სპიკერმა.
პაპუაშვილის თქმით, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც 2006 წელს შეიქმნა და „ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლებები არიან ცხინვალის რეგიონში“.
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2007 წელს შეიქმნა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიაც აგრძელებდა. მისი ხელმძღვანელი 2022 წლიდან თამაზ ბესტაევია.




























