„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელ ეკა ბესელიას შეფასებით, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ყველაზე მეტ შეზღუდვას, ყველაზე ფართო ინტერპრეტაციებს, ყველაზე მეტ ბუნდოვანებას და ყველაზე გავრცელების სახიფათო კონტროლის მექანიზმებს მოიცავს.
„ეს ცვლილებები პოლიტიკური ველის გაწმენდის გარდა - კერძო სექტორსაც განუზომელ ზიანს მიაყენებს“, - დაწერა გამოცდილმა იურისტმა სოციალურ ქსელში და BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ვრცლად ისაუბრა „გრანტების კანონის“ პაკეტზე, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.
ეკა ბესელიას განმარტებით, კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მისი თქმით, ნებისმიერი კანონი უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, მოცემული ინიციატივა კი ამ სტანდარტებს სცდება.
„კანონი შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს გასაგები“
„რვა წლის განმავლობაში საკანონმდებლო საქმიანობას ვეწეოდი და ვხელმძღვანელობდი ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს - უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონშემოქმედებითი პროცესის გამართულობაზე. შესაბამისად, კარგად ვიცნობ იმ ნიუანსებს, რაც კანონს მკაფიოს, განჭვრეტადსა და მოქალაქისთვის გასაგებს ხდის. კანონი შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს გასაგები.
ეს ინიციატივა კი ყველაზე ბუნდოვანი და სახიფათო ტენდენციების მატარებელია. ბიზნესი პირველ ყოვლისა სამართლებრივ კლიმატს გრძნობს; მართლმსაჯულების სისტემური პრობლემები პირდაპირ აისახება კერძო სექტორზე. აქსიომაა, რომ ქვეყანაში ინვესტიციას არავინ ჩადებს, თუ არ არსებობს დაცულობის განცდა და სამართლის უზენაესობა“, - განმარტა ყოფილმა კანონმდებელმა.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონპროექტი „გრანტის“ ცნებასა და „პოლიტიკურ გავლენას“ აბსურდულად ფართო ინტერპრეტაციას აძლევს. მისი განმარტებით, ნებისმიერი მატერიალური სახსრები, რომელიც გარედან შემოდის და მიზნად ისახავს „საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას“, შესაძლოა, ამ კანონის რეგულაციებში მოექცეს.
„განვიხილოთ „გრანტების შესახებ“ კანონის პროექტის მეორე მუხლი: ის გრანტად მიიჩნევს ნებისმიერ ფულად თუ მატერიალურ რესურსს, რომელიც უცხოური წყაროდან მოდის და მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ან ხელისუფლებაზე „რაიმე გავლენის მოხდენას“. ტერმინი „გავლენა“ იმდენად ფართოა, რომ ის ნებისმიერ საქმიანობას მოიცავს. შეუძლებელია აწარმოებდე ბიზნესს, ყიდდე პროდუქტს ან ახორციელებდე საერთაშორისო კონტრაქტს ისე, რომ გარკვეულ სეგმენტზე გავლენა არ მოახდინო... კანონი სიტყვა-სიტყვით არ იკითხება - ის ინტერპრეტაციას ექვემდებარება. ამ ჩანაწერით კი ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება გრანტად დაკვალიფიცირდეს, რაც შემდგომ მთავრობის თანხმობის საჭიროებასა და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას იწვევს. ეს არის პროექტის ინიციატორთა მხრიდან მოვლენების წარმოუდგენლად სახიფათო განვითარება“, - განმარტავს იურისტი.
მეწარმეებისთვის „საჯარო პოლიტიკური აქტივობის“ აკრძალვა, როგორც „საფრთხობელა“
„წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა დეპუტატმა ისაუბრა „გრანტების კანონის“ პაკეტის იმ ნაწილზეც, რომელიც „საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის“ მეწარმე სუბიექტების დაჯარიმებას, განმეორების შემთხვევაში კი - სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას [3-დან 4 წლამდე] და ასევე, იურიდიული პირის/კომპანიის ლიკვიდაციას ითვალისწინებს.
ეკა ბესელიას თქმით, ბიზნესი პირველია, ვინც სამართლებრივი კლიმატის გაუარესებას გრძნობს. მისივე აზრით, „ქართული ოცნება“ ამ კანონს იყენებს როგორც „საფრთხობელას“, რათა ბიზნესმენებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება საერთოდ შეწყვიტონ.
„ბიზნესი, პირველ რიგში, გრძნობს, როგორი კლიმატია სამართლებრივად. არავინ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს, თუ მას არა აქვს დაცულობის განცდა... „ოცნებას“ უნდა დააფრთხოს ბიზნესი. ეუბნება: „ახლა გაჩუმდით“... განა არ იციან, რომ ეს კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება?! იციან, მაგრამ საფრთხობელად აქცევენ... სინამდვილეში, გამოხატვის თავისუფლება კარგი ბიზნესმენის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არის... ბიზნესს ამის უფლებას ვერავინ წაართმევს. პირიქით, ის ვალდებულია, ჰქონდეს პოზიცია. ხვალ რომ ბიზნესს უთხრან, ხარკი უნდა გადაიხადოთ "ქართული ოცნების" სალაროშიო, გადაიხდიან?!“, - აცხადებს ეკა ბესელია.
წამყვანის კითხვაზე - ამ კანონების საფუძველზე, ფაქტობრივად, შეეზღუდება თუ არა ბიზნესმენს უფლება, ისაუბროს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ეკონომიკისთვის, იურისტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომელსაც კონსტიტუცია იცავს, თუმცა კანონი სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს.
„ოცნების“ შემზღუდავი კანონები|როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი?
ეკა ბესელიას რეკომენდაცია ბიზნესისადმი ერთმნიშვნელოვანია: არ უნდა შეეგუონ უკანონობას. ის მოუწოდებს კერძო სექტორს, გამოიჩინონ სამოქალაქო სიმამაცე და არ დაემორჩილონ „სიგიჟის ზღვარზე გასულ“ რეგულაციებს.
- ბიზნესი ბოლო თვეებში ისედაც ფრთხილია და უმრავლესობა ჩუმადაა... რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ასეთი „მსუსხავი“ ეფექტის მქონე კანონი მაშინ, როცა კერძო სექტორის მხრიდან დიდი პროტესტი არ ჩანდა?
- შესაძლოა, თადარიგი დაიჭირეს მათთვის, ვინც საუბარს ბედავს. მათ იციან, რომ ბიზნესში კრიტიკული განწყობაა. შეუძლებელია ბიზნესს არ ესმოდეს, რას ნიშნავს მართლმსაჯულების ნგრევა, კორუფცია და მართული მოსამართლეები - ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე. ახლა ცდილობენ, ბიზნესს მეტი ლაგამი ამოსდოს. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ერთი: არ უნდა მივიღოთ ის, რაც უკანონოა. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების წყარო. თუ ამ უკანონობას დავემორჩილებით, ხვალ კიდევ უარესს ჩაგვიწერენ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ეკა ბესელიამ მაგალითად მოიყვანა დაპატიმრებული ბიზნესმენები (გიორგი ჩიკვაიძე და გიორგი ბაჩიაშვილი), რომლებიც, მისი თქმით, ციხიდანაც კი უდრეკობის მაგალითს იძლევიან. ეკა ბესელიას აზრით, ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღე პირდაპირ კავშირშია მათ საქმიანობასთან და ამიტომ გაჩუმება გამოსავალი არ არის.
ინტერვიუში ეკა ბესელიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოება კანონს „გონიერი წინააღმდეგობით“ უპირისპირდება, ის მხოლოდ ფარატინა ფურცლად რჩება. „ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას უსამართლობასა და პოლიტიკური პატიმრების ხანას“, - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.




























