მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" წინა ხელისუფლების "სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით" კომისიას ქმნის

პარლამენტი

"ოცნება" წინა ხელისუფლების "სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით" კომისიას ქმნის. შესაბამისი განცხადება დღეს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

"სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, "2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები".

ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ "დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ".

მან ბრიფინგზე ჩამოთვალა, მისი თქმით, "2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულები. ესენია:

- პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

- ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;

- კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;

- კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;

- 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება".

ცნობისთვის, პარლამენტში "ოცნებას" წინა ხელისუფლების დანაშაულებზე ამ დრომდეც უმუშავია. 2016 წელს, "2004−2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ" დადგენილებაც კი მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული ყველა მასალა საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადასცემოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები