საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია.
"ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბალტიის ქვეყნები იქნებოდნენ პირველი, ვინც ასეთ გადაწყვეტილიბას გამოიტანდნენ ''ქართული ოცნების'' მაღალჩინოსნების მიმართ და დააწესებდა სანქციებს. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი ზოგადად ქვეყნისთვის, მაგრამ ეს დაიმსახურეს მათ.
მთავარი არის ის, რომ ''ქართული ოცნება'' ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი. დემოკრატიულ ქვეყნებში ბევრად ნაკლები კრიზის გამო დაუნიშნავთ ხელახალი არჩევნები. ამისი ვერ დანახვა და ჯიუტად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ვხედავთ რამდენიმე დღეა, არის წარმოუდგენელი. მათ არ აინტერესებთ ამ კონფლიქტიდან გამოსვლა. ახალი არჩევნები ამ საკითხს მოაგვარებდა. ამ ყველაფერს წინ უნდა უძღოდეს ყველას გათავისუფლება, ვინც ამ 19 დღის განმავლობაში უკანონოდ დააკავეს'', - განაცხადა მაია ფანჯიკიძე.
მაია ფანჯიკიძე ასევე თქვა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი შვილების თაობის თავგანწირული ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის და პოლიტიკური პროცესების დადებითად შეცვლის კუთხით პოზიტიურ ცვლილებას მოიტანს.
"საქართველოში იბადება ახალი საზოგადოება. ამ საზოგადოების დაბადებაში აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდები და ეს არის ყველაზე გასახარი. ჩვენ ყველანი ამისი მომსწრეები ვართ, ამიტომ მე დიდი სიამოვნებით, დიდი მღელვარებით ხანდახან შიშითაც ვადევნებ თვალს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ სწორედ ჩვენს თვალწინ იბადება თავისუფალი საზოგადოება, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში.
ეს ახალგაზრდები არიან მთავარი წარმმართველი ძალა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი საკუთარ სიტყვას იტყვიან მომავალში. მე ჯერ არ ვიცი, როგორ დამთავრდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ბრიუსელში, არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ, მათ ვინც თვლის ხელისუფლებად გადაწყვიტოს, რომ ამ ენით ელაპარაკონ საზოგადოებას, სცემონ ისინი მიტინგში მონაწილეობისათვის, დაასისხლიანონ, აწამონ, დააპატიმრონ და არ გაითვალისწინონ არაფერი, რასაც ხალხი 19 დღეა ითხოვს, მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაქცია ექნება ჩვენი პარტნიორებისგან.




























