პარტია “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო. მიღებული შემოწირულებების რაოდენობით, “ოცნება” კვლავ პირველ ადგილზეა. პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების სტატისტიკა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გააანალიზა.
როგორც მიმოხილვაში წერია, საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად 2024 წლის მე-2 კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა.
„ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო, შედარებისთვის, 2020 წლის მე-2 კვარტალში პარტიებმა 5 მილიონამდე ოდენობის შემოწირულება მიიღეს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთ მილიონამდე შემოწირულება მიიღო, რაც სხვა პარტიებზე მეტია, თუმცა არ არის იმ ოდენობის, როგორც ჩვეულებრივ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების წლების ანალოგიურ პერიოდებში იღებდა. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით“, - აღნიშნულია პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენში.
რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკას, 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას ჯამში 1,930,293 ლარის შესწირა, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება (1,224,111₾). პარტიული შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 961,176 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 464,990 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 302,682 ლარით.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 73-ჯერ შეწირეს თანხა (66 დონორი), 55 შემოწირულება მიიღო პარტიამ „შეცვალე საქართველო“ (35 დონორი), ხოლო 32 შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო (31 დონორი). პარტია „შეცვალე საქართველო“ 2020 წელს დაარსდა, მას მიმდინარე წლის მაისამდე შემოწირულება მიღებული არ ჰქონდა, საანგარიშო პერიოდში კი 26,000 ლარამდე მიიღო.