მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოიწვია

სამხარაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალას“ ეკავა. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: - ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.

აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე წევრი ქვეყანა, რომლიც დელეგაციის წევრებით PACE-ში არ არის წარმოდგენილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად, „ქართული ოცნება“ 29 იანვარს თქვა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

PACE-მ 29 იანვრის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო, - არაერთი დათქმით, - და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდება.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ამ ნაბიჯებზე პასუხად, "ოცნებამ" წევრები თავად გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები