ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმების დრო დაასრულა.
ასე ხსნის ეკონომისტი „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საგადასახადო შეთანხმებების არსებული პრაქტიკის რეფორმირება მთავრობის დღის წესრიგიდან მოხსნილია.
"დღეისთვის საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის გადახედვის მიზანშეწონილობის საკითხზე ფინანსთა სამინისტროში მუშაობა არ მიმდინარეობს” - განუცხადეს BMG-ის შემოსავლების სამსახურში. “გადაიხედება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა. „მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო დიალოგის დაწყება, რომელიც შეაფასებს საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მიზანშეწონილობას კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეკონომიკაზე ზეგავლენის მიმართულებით“, - ეწერა 2021 - 2024 წლების სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, თუმცა 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ“ საგადასახადო შეთანხმების პრაქტიკის გადახედვაზე ჩანაწერიც არ იძებნება.
ეკონომისტის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ლოიალური ბიზნესმენები და ბიზნესჯგუფები, ამიტომ საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის შეცვლა და გამჭვირვალობა მის ინტერესში არ შედის.
„ახლანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, [ოცნებას] სჭირდება კონკრეტული ინსტრუმენტები. აქედან გამომდინარე, ეს მექანიზმი მოითხოვს დახურულობას, რათა გამოყენებული იქნეს კონკრეტული მიზნისთვის - ლოიალობის მოპოვებისთვის, ამიტომაც არ ველი, რომ ეს სისტემა უფრო ღია გახდება, პირიქით, ვფიქრობ, კიდევ უფრო დაიხურება და შესაძლებელია, ის ინფორმაცია, რაც ახლა გვაქვს, მალე ისიც აღარ იყოს ხელმისაწვდომი“, - ამბობს ხიშტოვანი.
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროცედურა ასეთია: გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია, უარი თქვას საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე ან დაეთანხმოს და ამის შემდეგ საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე გადის, სადაც ძირითადად დადებით გადაწყვეტილებას იღებენ. რაც შეეხება იმას, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს მთავრობა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისას, BMG-ის ინფორმაციით, აღნიშნული რაიმე კონკრეტული ნორმატიული აქტით გაწერილი არაა. შესაბამისად, უცნობია, რომელ კომპანიებს უფორმებს მთავრობა საგადასახადო შეთანხმებებს, რა კრიტერიუმით.
გიორგი ხიშტოვანის შეფასებითვე, საგადასახადო შეთანხმების არსებული პრაქტიკა კორუფციის რისკებსაც ზრდის.
2014-2024 წლებში 2.9 მილიარდის დავალიანებაზე 8088 საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა - რა(არ)ვიცით?




























