„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილებები "ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, რის შედეგადაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას გაზრდილი წილით შეძლებს - არსებული 25%-ის ნაცვლად 40%-ის ოდენობით. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.
კანონის თანახმად, ცვლილება ეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს და საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია. გარდა ამისა, კანონში გაწერილია, რომ სახელმწიფო ფონდის მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ანგარიშგების სახით მთავრობის მიერ დადგენილი წესით განისაზღვრება.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობაზე, რომლებიც ცვლილებების შედეგად შეძლებენ მეტი მოქნილობით ჩაერთონ კერძო კაპიტალის ფონდებში.
მთავრობის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ წარმატებულ მაგალითებს ეყრდნობა. მათ შორისაა სააგენტო GITA-ს მონაწილეობა 500 Georgia L.P-ში, რომელიც 2022 წლიდან ახორციელებს სტარტაპების დაფინანსებას ვენჩერული კაპიტალის მეშვეობით. კანონში გაწერილი ახალი ზღვარი საშუალებას მისცემს GITA-ს, პარტნიორების თანხმობის შემთხვევაში, არსებული 5 მლნ დოლარიანი ბიუჯეტიდან დაუთმობელი რესურსი სრულად აითვისოს.
გარდა ამისა, ცვლილებები შესაძლებელს გახდის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მათ შორის მუნიციპალიტეტებმაც, სამომავლოდ იმოქმედონ საინვესტიციო ფონდის მეშვეობით, რაც მოითხოვს მთავრობის სამართლებრივი აქტით მექანიზმის დამატებით განსაზღვრას.
კანონპროექტის ავტორების პროგნოზით, ცვლილებები საინვესტიციო ფონდების ბაზრის გაფართოებას შეუწყობს ხელს. მოლოდინია, რომ მომდევნო 3-4 წელიწადში დაფუძნდება მინიმუმ 2-3 ახალი კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დამატებით 200 მილიონი ლარის მობილიზებას მოახდენს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 8 აქტივების მმართველი კომპანია და 19 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური აქტივები 200 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მხოლოდ ერთი ფონდი იყო ავტორიზებული საჯარო ფონდად.




























