"ქართულმა ოცნებამ" სერიოზული საფრთხე შეუქმნა ათწლეულების პარტნიორობას გერმანიასთან. ამის გამო შევამცირეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და შევაჩერეთ 200 მლნ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ათობით ათასი მოქალაქე მამაცად დგას ევროპული მომავლისთვის.
"მოსახლეობის უმეტესობას უნდა, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, თუმცა "ქართული ოცნების" საპასუხო ქმედება დაშინება და ძალადობაა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, განვიხილავთ დამატებით ზომებს. ახლა „ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველებისთვის რეალური პერსპექტივის შესათავაზებლად", - წერს ბერბოკი.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტებს წყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა.