ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა მშვიდობიანი პროტესტის რეპუტაცია დააზიანა, თუმცა მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ მთლიანად პროტესტისთვის ძალადობრივი იარლიყის მიწებება გაუჭირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ 4 ოქტომბრის აქციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალი წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობები ემუქრებათ. ასევე, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია კიდევ 15 პირი, რომელთაგან 13 უკვე დაკავებულია.
„პირველ დღეს [მქონდა] აბსოლუტური შოკი, რადგან მეგონა, რომ [4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა] გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პროტესტს, მოახდინა მისი დისკრედიტაცია და საშუალება მისცა „ქართულ ოცნებას“, მთლიანად ნებისმიერი პროტესტის მიმართ ქვეყანაში, გამოეყენებინა ე.წ. ლეგიტიმური, რეპრესიული მექანიზმები - რეპრესიაც შეიძლება იყოს ლეგიტიმური იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების, მაგალითად, კონსტიტუციური წყობის დაცვის მიზნებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა მიტინგზე მისული ადამიანების უმეტესობა, ვინც რაღაც დოზით მაინც იზიარებდა [საორგანიზაციო კომიტეტის] იდეას, მთლიანობაში არ აღმოჩნდა ამ იდეის მხარდამჭერი ანუ ძალადობრივი გადატრიალების მხარდამჭერი და ეს იმავეს საღამოს გახდა აშკარა. ამდენად, ალბათ გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ რაღაცნაირად ამ იარლიყის მიწებება მთლიანად პროტესტისთვის, რომ „აი, ხომ ვამბობდით, რომ პროტესტი არის რადიკალური, გადატრიალების მცდელობებია“ და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა და იქვე დასძინა, რომ როგორც პროტესტის ორგანიზატორებმა, ისე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ პროტესტის ფორმა და მიზანი საზოგადოებისთვის მშვიდობიან და კონსტრუქციულ პროცესად დარჩეს.
მისი შეფასებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მიამიტურად დაუჯერა დაუსაბუთებელ დაპირებებს, თითქოს ერთი მიტინგით შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლების მყისიერი შეცვლა. „წერტილთან“ ინტერვიუში კახა გოგოლაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების ქმედება შეადარა ავტორიტარულ მოდელს, სადაც ხალხს ფიქრის უფლებას ართმევენ.
ამასთან, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების გეგმა-მოქმედებების შეფასებისას მან ისიც თქვა, რომ შესაძლოა, დაკავებულები ისტორიამ შეაფასოს როგორც იდეალისტები, რომლებიც გულწრფელად ცდილობდნენ რაღაცის შეცვლას, მაგრამ მათი მოქმედება მაინც უპასუხისმგებლო იყო და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.
- ყველაზე უფრო რაც მაკვირვებს არის ის, რომ ხალხი არ წავიდა არჩევნებზე, რადგან არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ არჩევნებით შეიძლება რაღაცის შეცვლა, მაგრამ უზარმაზარი რაოდენობის ხალხი წავიდა მიტინგზე, თითქოს იმისთვის, რომ დაუჯერეს რაღაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელ რწმუნებას იმის შესახებ, რომ აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება, საერთოდ გაიქცევა ბიძინა ივანიშვილი და ასე შემდეგ...
- თქვენ გგონიათ, რომ მიტინგზე წასული ადამიანების უმრავლესობას სჯეროდა, ერთ დღეში „ოცნების“ ხელისუფლების დასრულების? 4 ოქტომბერს აქციაზე ვიყავი მეც, მაგრამ არა - ამიტომ. 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება...
- მესმის, მაგრამ ასოცირება ასე ხდება, არა?! ხალხი მივიდა აქციაზე... რატომ არ გააპროტესტეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები?! ადამიანს პროტესტის გრძნობა უნდა გასჩენოდა...
- საორგანიზაციო კომიტეტის წევრების განცხადებების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ წავიდა... რთულია, როცა მრავალათასიან აქციაზე ხარ, პროტესტი უცებ გამოხატო...
- მესმის... მაგრამ ასე იქცეოდა ჰიტლერი... მაგალითად, გებელსმა გერმანიაში მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, თქვენ არ უნდა იფიქროთ, ხალხნო. თქვენ მაგივრად იფიქრებს ფიურერი. თქვენი საქმეა, შეასრულოთ, რასაც გეტყვიან და იქნებით ბედნიერები. დაახლოებით, ეს სიტუაცია იყო ანუ რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, თქვენ ნურაფერზე ნუ ფიქრობთ და ნუ დარდობთო.
- იქნებ იმ მომენტში აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა პასუხისმგებლობა აიღეს, ამიტომ თავად წავიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ... რეალურად დღეს ის ხუთი ადამიანია ციხეში.
- ჰიტლერმაც აიღო პასუხისმგებლობა თავად და საერთოდ თავი მოიკლა. ამაზე არ არის საუბარი.
- უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები?
- თავისთავად... მაგრამ მე არ მინდა რამე ვთქვა. გამოძიება დაადგენს ან თუ გამოძიება - არა, ისტორია დაადგენს... ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ისტორიაში ამ ადამიანების სახელები ჩაიწეროს, როგორც დონ კიხოტები, რომლებმაც სცადეს რაღაცის შეცვლა...




























