სანდრო ბარამიძის აზრით, "ქართული ოცნების" განცხადებები, რომლითაც ის დასავლური სტრუქტურების შეფასებებს აკრიტიკებს და უმნიშვნელოს უწოდებს, არ შეესაბამება პარტიის რეალურ დამოკიდებულებას. როგორც TI საქართველოს პროგრამის მენეჯერი აღნიშნავს, სინამდვილეში, "ოცნებისთვის" ევროკავშირისა და აშშ-ის აზრი მნიშვნელოვანია. მან საკითხზე "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"ევროკავშირის სტრუქტურების განცხადებებზე ამბობენ ["ოცნებაში"], ჩალის ფასი აქვსო. მე არ ვიტყოდი, რომ მართლაც საერთოდ არ აინტერესებთ საერთაშორისო აზრი, იმიტომ რომ, იგივე შეერთებული შტატების მიმართ, საკმაოდ ნერვიულ განცხადებებს აკეთებენ, ერთმანეთის მიყოლებით: "რატომ არ გველაპარაკებით, კი მაგრამ, ჩვენ ხომ ერთი და იგივე ღირებულებებით ვსაზრდოობთ, მზად ვართ, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, ყველაფერი გაპატიოთო"...
ეს უტიფრობა ცოტა არ იყოს კომიკურიც არის, მათ მაინც აღიზიანებთ ეს, რომ არავითარი ლეგიტიმაცია არ შეიძინეს. ყაველაშვილი უკვე მერამდენე კვირაა ამაოდ ელოდება ტრამპის ზარს, ტრამპი კი არ რეკავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც თითქოს კობახიძე თავისი უემოციო გამომეტყველებით ცდილობს, დაარწმუნოს თავისი ამომრჩევლები, რომ თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება და სუვერენული მთავრობა გვაქვს, ასე არ არის. სუვერენული კი არ არიან, მოსკოვის პირდაპირ დავალებებს ასრულებენ და მოსკოვის ვასალები არიან, ეს ერთი. და მეორეც, ცხადია, მათ ანერვიულებთ ის, რომ მოსკოვი ნებისმიერ დროს შეიძლება მივიდეს იმ აზრამდე, რომ ვიღაცა სხვა სჭირდება აქ ქვეყანაში მეფისნაცვლად და შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს მეფისნაცვალი, რომელიც ბოლო 13 წელია ჰყავს, თავიდან მოიშოროს. ზუსტად ამიტომ სჭირდებათ მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკის აზრი და დასავლეთის მხარდაჭერა მაინც სჭირდებათ", - ამბობს სანდრო ბარამიძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მენეჯერმა ამ კონტექსტში საქართველო-გერმანიის ურთიერთობაც და ევროპული სახელმწიფოს მხრიდან ელჩის, პიტერ ფიშერის გაწვევის საკითხიც შეაფასა.
"["ოცნებაში"] მშვენივრად იციან, რომ ელჩის კონსულტაციებით მიზეზით გაწვევა არის დიპლომატიური დემარში, რაც, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის პაუზა დიპლომატიურ ურთიერთობებში და ეს პაუზა შეიძლება იყოს საკმარისად ხანგრძლივი. მოგეხსენებათ, რომ უკრაინამ იგივე გააკეთა რამდენიმე წლის წინ და დღემდე უკრაინის ელჩი საქართველოში არ დაბრუნებულა. შეიძლება ეს რუსეთუმე რეჟიმი თვლის, რომ მაინცდამაინც არ ანერვიულებს უკრაინელი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის საქართველოში დაბრუნება, მაგრამ გერმანია იგივე არ არის. მშვენივრად იციან, რომ გერმანია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო საქართველოს სუვერენიტეტისა ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.
მით უმეტეს, გერმანიას ძალიან სერიოზული ბერკეტები გააჩნია ევროკავშირის შიგნითაც და მის გარეთაც. აქედან გამომდინარე, ეს ცხადია, ანერვიულებთ. ბუნებრივია, რომ ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ, გერმანული სახელმწიფო დიდხანს უთმენდა "ქართულ ოცნებას" ათასნაირ თავხედურ გამოხტომებს ელჩის მიმართ და საბოლოოდ გერმანელების მოთმინებაც ამოიწურა. ეს არის საშინლად მძიმე ამბავი ქართულ-გერმანული ურთიერთობისა, ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნისა. გერმანიისგან ეს არ იქნება ერთადერთი, რასაც გააკეთებს "ქართული ოცნების" რეჟიმის მიმართ. მისგან უნდა მოველოდეთ სხვა, უფრო სერიოზულ გზებსაც", - ამბობს სანდრო ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია. გავრცელებულ განცხადებაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული აგიტაცია იყო, გერმანიის სახელმწიფოსა და ელჩის წინააღმდეგ.




























