ქართული მაუწყებლების „ბრიტანული სტანდარტით“ დარეგულირების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებაში ონლაინ მედიის სხვადასხვა საშუალების დარეგულირებასაც არ გამორიცხავენ. საკითხზე „ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
კანონპროექტის განხილვისას „ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ მას ჰკითხა არის თუ არა ბრიტანეთში იმის მაგალითები, რომ კანონმდებლობის საფუძველზე - რაც გაფრთხილებას, ფინანსურ ჯარიმას და შემდეგ ლიცენზიის ჩამორთმევას გულისხმობს, რომელიმე მედია საშუალებას - მაუწყებელს ან გაზეთს, საქმიანობის განხორციელების ლიცენზია ჩამორთმეოდა.
არჩილ გორდულაძემ ყურადღება მაუწყებლების გარდა სხვა მედიასაშუალებების რეგულირებაზე გაამახვილა და თანაპარტიელს განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში კანონის ცვლილების იმ ვერსიაზე მუშაობენ, რომელიც მხოლოდ მაუწყებლების რეგულირებას ეხება, თუმცა გაზრდილი გამოწვევების პირობებში, მედიის სხვა საშუალებების რეგულირებაზე დამატებითი მუშაობა შესაძლოა, გაგრძელდეს.
„ერთია, რომ ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება და მათ შორის არ ეხება ონლაინ მედიასაც. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებითი გამოწვევა არსებობს, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან თუ ონლაინ მედიებიდან, რა თქმა უნდა, გამოწვევაა და საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციას ამ მედიებიდანაც იღებს. შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, როგორც მაუწყებელში გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინ მედიის გავრცელების კუთხითაც. უბრალოდ აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა.
არჩილ გორდულაძემ კოლეგის მთავარ კითხვასაც უპასუხა: „ჩვენი მოკვლევის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში, ვინმესთვის რომ ლიცენზია შეეწყვიტათ, ასეთი ფაქტი მე ვერ მოვიძიე. შესაძლებელია, არსებობს. კანონი მუშაობს და მისი პრევენციული მიზნები სრულდება“.