მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნების“ ამომრჩეველთა 82% მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა შეწყდეს - ISSA-ს კვლევა

სანქციები

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების გაგრძელებას საერთაშორისო აქტორების მიერ.

კვლევა 2025 წლის ივნისში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მა რესპონდენტმა მიიღო.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა გაგრძელდეს, 40% კი – რომ უნდა შეწყდეს. ამასთან, თბილისში სანქციების გაგრძელებას ემხრობა გამოკითხულთა 56%, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში ეს მაჩვენებელი 77%-ს აღწევს. შედარებით განსხვავებული სურათია რეგიონებში, სადაც სანქციების შეწყვეტის მომხრეთა წილი (43%) აღემატება მხარდამჭერთა წილს (34%).

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 82% მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება შეფასებას, რამდენად მოქმედებს სანქციები მმართველ ძალაზე, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49%) ფიქრობს, რომ სანქციები ქოც მაღალჩინოსნებს ასუსტებს. თბილისში ამ მოსაზრებას 55%, ხოლო პროევროპულ ელექტორატში – 66% იზიარებს.
"ქართული ოცნების" ამომრჩევლებში პოზიციები გაყოფილია: 34% მიიჩნევს, რომ სანქციებს არც ძალის ზრდა მოსდევს და არც შესუსტება, 31% კი — რომ ასუსტებს.

მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2,000 რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით, შერჩევა განხორციელდა ალბათური, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით, ხოლო საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისს პერიოდში.

ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული შედეგები მიახლოებულია მოსახლეობის მთლიანი შეხედულებების რეალურ გადანაწილებასთან, ±2.2%-იანი სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები