მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოცნების გუნდი 2 - აშშ-მა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის საკალათბურთო შემადგენლობა დაასახელა

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე

აშშ ოლიმპიურ თამაშებს ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით უდგებოდა და გამონაკლისი არც პარიზის ოლიმპიადა იქნება. ამერიკელების გენერალურმა მენეჯერმა გრანტ ჰილმა შესაძლო 12-დან 11 კალათბურთელი დაასახელა, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე გაემგზავრება, ხოლო რაც შეეხება ერთ თავისუფალ ადგილს, ის ივლისის საწვრთნელი შეკრებისა და ლას-ვეგასში დაგეგმილი საგამოფენო მატჩების შემდეგ შეივსება.

პარიზის ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯოელ ემბიდი, დევინ ბუკერი, ტაირიზ ჰალიბერტონი, ენტონი ედვარდსი, ჯრუ ჰოლიდეი, ბემ ადებაიო და ენტონი დევისი. სხვადასხვა საკალათბურთო ექსპერტების ცნობით დარჩენილ ერთ ადგილს დიდი ალბათობით კავაი ლეონარდი შეავსებს.

უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ ეს სტეფ კარისთვის პირველი ოლიმპიური თამაშები იქნება, ხოლო მის ყოფილ თანაგუნდელსა და აშშ-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე, კევინ დურანტს შანსი ექნება სარეკორდო მეოთხე ოლიმპიური ოქროს მოგების. ლებრონ ჯეიმსისთვის კი ეს მეოთხე ოლიმპიადაა მას 2004 წელს ბრინჯაოს, ხოლო 2008 და 2012 წლებში ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

უკანასკნელ საერთაშორისო ტურნირზე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ მედლის გარეშე დარჩა, თუმცა იმ გუნდიდან ოლიმპიადაზე ორი მოთამაშე ტაირიზ ჰალიბერტონი და ენტონი ედვარდსი იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებს ყველა ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მონაწილეობა მიღებული და მედლის გარეშე ასპარეზობა არასდროს დაუსრულებია. 1972, 1988 და 2004 არის მხოლოდ წლები, როცა მათ ოქროს მედლის აღება ვერ მოახერხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები