მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" ლიდერების სანქცირება, ახალი არჩევნები - რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს განიხილავს?

ივანიშვილი კობახიძე

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ კრიზისზე და სავარაუდო საარჩევნო გაყალბებაზე რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის.

რეზოლუცია, რომელიც "განაახლე ევროპის" პოლიტიკური ჯგუფის სახელით დარეგისტრირდა, არაერთ საკითხს მოიცავს, მათ შორის მოწოდებას "ქართული ოცნების" ლიდერების: ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის პერსონალურ სანქცირებაზე. ასევე, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ქვეუწყებების შესაბამისი წარმომადგენლების სანქცირებაზე.

რეზოლუციის პროექტში არის მოწოდება 26 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ. ის უარს ამბობს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და აკეთებს მოწოდებას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ახალი არჩევნების ორგანიზებაზე.

ასევე, კვლავ არის მოწოდება სადავო ["რუსული" და ანტი ლგბტ] კანონების გაუქმების შესახებ და ამ კონტექსტში ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შეფასებაზე. ასევე, არის მოწოდება საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვაზე და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე.

უფრო დეტალურად, რეზოლუცია შემდეგ პუნქტებს აერთიანებს:

  1. მტკიცედ გმობს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლას და ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“. გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც დოკუმენტირებულია საქართველოში ბოლო არჩევნების დროს; გმობს პასუხისმგებელი ინსტიტუტების უარს დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების გამოძიებაზე და მოუწოდებს საფუძვლიანი, სწრაფი და გამჭვირვალე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დაფიქსირებული დარღვევის შესახებ.
  2. შეძრწუნებულია საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მასშტაბით სისტემატური და ორგანიზებული დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველსაყოფად; უარს ამბობს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე; მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და განაგრძონ ახალი არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო ზედამხედველობით ერთი წლის განმავლობაში.
  3. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით; ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან.
  4. გმობს რუსეთის ჩარევას საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში და მის გამყოფ საარჩევნო რიტორიკასა და პროპაგანდას, მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიას, რომელსაც იყენებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ძალიან ჰგავს რუსული პროპაგანდის მეთოდებსა და ნარატივებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და კომუნიკაცია და განავითაროს ქართული საზოგადოების გამძლეობა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ;
  5. სოლიდარობას უცხადებს მამაც ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი დემოკრატიული უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ; იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ყველას მიმართ, ვინც მმართველი პარტიის სიტყვიერი თავდასხმების, ფიზიკური მუქარისა და სამართლებრივი დევნის ფონზე მხარს უჭერს და იცავს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, მუშაობს მშვიდობიანი საზოგადოებისთვის და ყველასთვის თანასწორობისა და ადამიანური ღირსების ერთგულია; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრების უფლება და თავი შეიკავონ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
  6. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და მოუწოდებს მათ მიიღონ და განახორციელონ რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს გაცხადებული მიზნის შესაბამისად, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ითხოვს.
  7. აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.
  8. იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი, შეწყვიტონ ყველანაირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და ლგბტ თემზე და უზრუნველყონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ჭეშმარიტად ხელსაყრელი გარემო; აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც მიემართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობა, ეძებენ შესაძლებლობას დარეგისტრირდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როგორც ეს ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოების მრავალმა ორგანიზაციამ გააკეთა; მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ სრული მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ამ რთულ პერიოდში და გააანალიზოს საქართველოდან ევროკავშირში მიგრაციის პოტენციური ზრდა, თუ გაგრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და თავდასხმები ფუნდამენტურ თავისუფლებებზე;
  9. მტკიცედ გმობს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების" კანონმდებლობის მიღებას; კვლავ მოუწოდებს მათი დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ.
  10. ითვალისწინებს საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული მრავალი საჩივრის კოორდინირებულ უარყოფას, განსაკუთრებით ხმის ფარულობის ფართომასშტაბიან დარღვევასთან დაკავშირებით; ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ავტორიტეტული ვოჩდოგების მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კლანის მიერ სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდების გამო, ისევე როგორც აშშ-ს სანქციების შესახებ ოთხი მაღალი რანგის ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო.
  11. მოუწოდებს საბჭოს, კომისიას, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურს და ევროკომისიის ახალ ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა; ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ არსებული მიდგომა არაეფექტური აღმოჩნდა;
  12. მოუწოდებს საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვაზე მანამ, სანამ არ მოხდება არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სათანადოდ აღმოფხვრა და არ გაუქმდება ახლახან მიღებული არალიბერალური კანონმდებლობა, მკაცრი პირობები დაწესდეს ნებისმიერი მომავალი დაფინანსების გაცემისას. კომისიას კვლავ მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს „უცხოელი აგენტის“ კანონისა და „ოჯახური ფასეულობების კანონმდებლობის“ გავლენა ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების მუდმივ შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნიშნულის, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.
  13. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკან დახევაზე და საარჩევნო პროცესის დარღვევაზე; მათ შორის, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების ორგანიზებასა და ადმინისტრირებაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებზე და მის დაქვემდებარებულ ინსტიტუტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენებაზე; ამ კონტექსტში მოუწოდებს საბჭოს, განიხილოს ბიძინა ივანიშვილზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეზე, თბილისის მერზე და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანზე, პერსონალური სანქციების დაწესება, მათი როლისთვის დემოკრატიის მნიშვნელოვან გაუარესებაში.
  14. გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში, როგორც ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთ მცდელობას.
  15. მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ჰუმანიტარული ნიშნით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები