საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წლებში), მიხეილ ჯანელიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს, გეოპოლიტიკური მოცემულობის გამო, საქართველოს ისტორიული მიზნის მისაღწევად გახსნილი აქვს შესაძლებლობის ფანჯარა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას იმედი ჰქონდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დადგებოდა.
გთავაზობთ მის პოსტს სრულად:
"ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის ხედვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ, პირველ რიგში ქართული ოცნების ამომრჩევლის და იმ ადამიანების საყურადღებოდ, “ქართულ ოცნებაში” და საჯარო სამსახურში, ვისთან ერთადაც მიბრძოლია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საჭიროების შემთხვევაში, “ცალ ფეხზეც დავმდგარვარ" (ჩემი აზრით, როცა ორი ფეხით ვერ მიდიხარ მიზნამდე, საცალფეხო გზაზე გავლაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკან დათვი მოგდევს).
1.ყველამ კარგად იცის, რომ დღეს, გეოპოლიტიკური მოცემულობის გამო, საქართველოს აქვს ისტორიული მიზნის მისაღწევად გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა და ფანჯარა არ არსებობდა, როცა მე, თქვენთან ერთად, ვმუშაობდი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე და არათუ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი რეგიონის ევროპული პერსპექტივაც კი არ იყო აღიარებული.
2.იმედი მქონდა, რომ ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ სპექტრს საერთო ეროვნული მიზნის გარშემო კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას მისცემდა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დადგებოდა, თუმცა “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული პოლიტიკური პროცესი და შესაბამისი პროპაგანდა ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას. ფაქტია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო, საზოგადოების გამხლეჩი საკითხი დღის წესრიგში ქართულმა ოცნებამ დააბრუნა, მაშინ როცა ამის არანაირი წინაპირობა თუ საჭიროება არ არსებობდა.
3. “ქართული ოცნება” ღიად აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი მათ საარჩევნო ხმების მობილიზებაში დაეხმარება და კონსტიტუციურ უმრავლესობას უზრუნველყოფს, რადგან ეს თითქოს ხალხის ინტერესშია. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ჩვენი ღია მტრის, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესშია, რადგან ის გვაცილებს სტრატეგიულ პარტნიორებს და მიზანს, და შესაბამისად, ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს.
4. დაუშვებლად მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკუთარი პარტიული ინტერესის კონსტიტუციით გამყარებულ ეროვნულ ინტერესებზე წინ დაყენება და მოსახლეობის მართვა პოპულისტური პროპაგანდით. დღეს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ბანერი (წინა დღეების პროპაგანდაში აღარ შევალ), რომელიც ამბობს შემდეგს: “საქართველო იმსახურებს ევროპას! საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას! #ღირსებით ევროპაში”, რასაც მინდა ვუპასუხო:
4ა. ევროპაში ვართ, მაგრამ არ ვართ ევროკავშირში. ჩვენი კონსტიტუციური მიზანია გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რადგან ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო: - გრძელვადიანი მშვიდობა, - ადამიანის უფლებების დაცვა, - ეკონომიკური განვითარება, - სოციალური თანასწორობა, - კულტურული თვითმყოფადობა, - რელიგიური მრწამსის პატივისცემა. ეს შედეგები მიღწეულ იქნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: - დემოკრატიული პროცესის დამკვიდრების, - ევროკავშირის საერთო კანონმდებლობის განვითარებისა და - ეროვნულ დონეზე დანერგვის გზით.
ამიტომ, პროპაგანდაა ის, რომ თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით. თუ გვინდა ევროკავშირში, (ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენ გვინდა და არა მათ) უნდა ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო და გავიზიაროთ მათი კანონმდებლობა (იმისთვის, რომ ის შედეგები მივიღოთ, რაც სხვა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა) და არა პირიქით, ვიაროთ საწინააღმდეგო გზით. ეს არ გულისხმობს ღირსების შელახვას. ვინც ჩემთან ერთად იყო ჩართული ევროინტეგრაციის მოლაპარაკებებში, დამეთანხმება, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე წერტილ-მძიმეც კი არ დაგვითმია ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას, ასოცირების შეთანხმება იქნებოდა ეს თუ ვიზალიბერალიზაცია. ევროკავშირი ყოველთვის აფასებდა ასეთ საგნობრივ მოლაპარაკებებს და ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას.
4ბ. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ არის მხოლოდ ტექნიკური, ის არის ასევე პოლიტიკურიც. პროპაგანდაა ის, რომ თითქოს რაღაც „გლობალური ომის პარტიაა“, რომელიც წყვეტს მთელი მსოფლიოს ბედს, და ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს. ევროკავშირი არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების ერთობა, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სუვერენული ინტერესები და შესაბამისი პოლიტიკური პროცესი. არავინ იფიქროს, რომ საქართველოზე ფიქრით იძინებენ და იღვიძებენ ევროპის მოქალაქეები და შესაბამისად, პოლიტიკოსები. ეს კარგად დავინახეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელიც წარმატებით დავასრულეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, და რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და წარმატება ქართულ ოცნებას. აქაც დამეთანხმებიან ის ადამიანები, ვინც ჩართულები იყვნენ ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებში, რომ საქართველოს ტექნიკური მზაობის დადასტურების შემდეგ, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესის გავლა მოუწია, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეღოთ ევროკავშირში/შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენ მოგვიწია ცალ-ცალკე მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მთავრობის ხელმძღვანელების, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების, პარლამენტების, ეროვნული პოლიტიკური პარტიების და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების, საბჭო და პარლამენტი, ევროკავშირის საპარლამენტო ჯგუფების დონეზე და ინდივიდუალური თუ საერთო, პარტიული თუ ინსტიტუციური ინტერესების თანხვედრის შეჯერება, მათ შორის, ხან პოლიტიკური "ბრძოლით" და ხან "ცალ-ფეხზე დგომით". დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი რთულია, თუმცა ის საუკეთესოდ გამოხატავს ხალხის ინტერესს, რადგან პარტიები, და შესაბამისად მთავრობები, მოქმედებენ ამომრჩევლის და არა ერთპიროვნული მმართველების ინტერესების შესაბამისად.
5. ჩემი აზრით, დღეს ხალხის ინტერესი და საზოგადოებრივი დაკვეთა არის ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რაც მიიღწევა ევროპული ინტეგრაციითა და პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგით. ჯერ კიდევ არის მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ხალხის რეალურ ინტერესს მოემსახუროს პოლიტიკური პროცესი. ჩემი, საქართველოს ერთი მოქალაქის, თხოვნაა, გამოიყენოთ ეს შანსი და საარჩევნო პროცესი მშვიდ და პოზიტიური რელსებზე დააბრუნოთ. ამით ყველა მოიგებს, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა.
პ.ს. მედიას ვთხოვ, თუ პოსტს გააზიარებთ, გააზიარეთ სრულად. იმედია, მთავრობის მხარდამჭერი მედია გააზიარებს და ტროლ-ბოტები არ შემომესევიან. ჯანსაღ და კორექტულ კრიტიკას/კომენტარებს მივესალმები", - წერს ჯანელიძე.