"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემაც კი ვერ შეძლო და ამერიკელებს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ერთცენტიანი ინვესტიციაც ვერ ჩაადებინა.
"დღევანდელ, მორიგ ტყუილ განცხადებაზე ანაკლიასთან დაკავშირებით: ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, "ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო.
ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას "ოცნების" რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს, კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით, შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.
ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, „ხელშეკრულების გაწყვეტის დროს“, ანუ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.
2019 წელს კი, "თიბისი ჰოლდინგთან" ერთად პროექტის აქციონერები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის: "კონტი ჯგუფი", რომლის ინვესტიცია 5.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა და "სსა მარინი", რომელიც პროექტის სტრატეგიული ინვესტორი იყო და 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა.