მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მთავრობა უცხოელების მიმართ ახალი სახის სასჯელის შემოღებას გეგმავს

უცხოელები

"ოცნების" მთავრობა უცხოელების მიმართ ახალი სახის სასჯელის შემოღებას გეგმავს. ესაა უცხოელის ქვეყნიდან გაძევება და ასევე მისი შემოსვლის აკრძალვა. ამასთან, ზრდის ჯარიმებს უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მათი ავტორობით მომზადდა და განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა. კანონპროექტი ჯერ ატვირთული არაა პარლამენტის საიტზე და განხილვაც არ დაწყებულა.

ცვლილების თანახმად:

✓ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

✓ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

✓ იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;

✓ მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:

✓ ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;

✓ ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;

✓ მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;

✓ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;

✓შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.

აღსანიშნია, რომ შსს-ის მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციაა.

უწყების განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებული პროევროპული აქციების პარალელურად, საქართველოში არ შემოუშვეს არაერთი ევროპელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი. თუმცა საზღვრიდან გაბრუნებულების ზუსტი სტატისტიკა არ არის საჯარო. თუმცა შსს აქვეყნებს საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სტატისტიკას, რომელთა რაოდენობამაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 122 შეადგინა. შსს-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოდან გაძევებული არიან: ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ჩინეთის, სომხეთის, ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მიანმარის, ლიეტუვას, ისრაელის და კამერუნის მოქალაქეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები