საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული MEGOBARI ACT-ის საპასუხოდ განცხადებას მიიღებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამით ყველას აჩვენებენ, რა არის რეალობა.
„დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც მათ შორის MEGOBARI ACT-ის საკითხსაც ეხება. ამავე დროს, პარლამენტში ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ამ ე.წ. MEGOBARI ACT-ს ეხება, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავართ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე, ყველა ფრაქცია-პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ამიტომ სრულიად პარლამენტის სახელითაა ინიცირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს, მომხსენებელი მე ვიქნები. განხილვებუ უკვე ხვალ შედგება.
ზოგადად, ე.წ. MEGOBARI ACT-ს, რომელსაც სახელი თავადაც შეუცვალეს, გამომდინარე იქიდან, რომ რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც სინამდვილეში საქართველოში არის. ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის, არის, რომ ყველას ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით, თუ რა არის რეალობა და ჩვენი შეფასება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და აშშ-ის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს და სწერს, რომ მიუხედავად მათი მთავრობის ძალისხმევისა, აშშ-სგან უკუკავშირი ამ დრომდე არ ყოფილა.
"რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა",- აღნიშნულია წერილში.
გასულ კვირაში MEGOBARI ACT-ი 349 ხმით მიიღეს 42-ის წინააღმდეგ. წარმომადგენელთა პალატაში მიღებული კანონპროექტი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი გადაწყვეტილებაა. MEGOBARI ACT-ი ერთი მხრივ ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების შემთხვევაში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობასაც დებს.




























