"ქართული ოცნების" პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში თითქმის ერთი თვის წინ შესულ ცვლილებებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ინფორმაციას თავად პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები შევიდა - პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი ბიზნესისთვის გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცედურების გამარტივება იყო. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის პირველადი რედაქცია ბიზნესისთვის უფრო მეტ ხელისშემწყობ მექანიზმს ითვალისწინებდა, თუმცა პარლამენტმა ცვლილებების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა.
რა შეცვალა?
მათი ცნობით, შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ინიციატივით მოეწყო და მისი თქმით, კოდექსში ცვლილებების შეტანა სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციით განხორციელდა.
„ცვლილებები საშუალებას იძლევა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები გამარტივდეს, პროცესები კი უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, რაც ბიზნესს თავისი საქმიანობის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება“, — აღნიშნა მაია ბითაძემ.
შეხვედრის ფარგლებში "ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მისი თქმით, გარემოსდაცვითი სანებართვო პროცესები უნდა იყოს მოქნილი ისე, რომ არ შეფერხდეს ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობა, ამავდროულად დაცული იყოს შესაბამისი სტანდარტები.
„საგამოცდო პროცედურები უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებს, არამედ იმ სტანდარტებსაც, რასაც ევროპული დირექტივები და ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს“, — განაცხადა თანდილაშვილმა და დასძინა, რომ ცვლილებები ბიზნესის მხრიდან დადებითად შეფასდა.
საკანონმდებლო ორგანო წერს, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ 2018 წლიდან მოქმედებს და ითვლება ერთ-ერთ პირველ საკანონმდებლო აქტად, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოა.




























