"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელსაც მხარი დაუჭირეს.
მისი განმარტებით, დოკუმენტი შედგენილია კონსერვატიული მაკროეკონომიკური მიდგომების საფუძველზე და ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას.
მთავარი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
- რეალური ეკონომიკური ზრდა – 5% (საშუალოვადიანში – 5.3%);
- მშპ-ის დეფლატორი – 4%;
- ბიუჯეტის დეფიციტი – 2.5%;
- ნომინალური მშპ – 110.5 მლრდ ლარი;
- მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე – 10,900 დოლარზე მეტი;
- ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 26.8 მლრდ ლარი (მშპ-ის 24.2%);
- სახელმწიფო ვალი – მშპ-ის 35%-ის ფარგლებში;
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
„ეს მაჩვენებლები საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს მოქმედი პროგრამები და აღებული ვალდებულებები“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
მისი თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი ჯერ კიდევ პირვანდელი ვერსიაა და წლის ბოლომდე მზად არიან, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო ვარიანტი წარადგინონ.
საკომიტეტო განხილვების გაგრძელების შემდეგ, ბიუჯეტის პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც პარლამენტი მას საბოლოოდ დაამტკიცებს წლის ბოლომდე.
სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგებიც წარადგინა, რომელიც კომიტეტებმა ცნობად მიიღეს. აღნიშნული მიმოხილვა მოიცავდა შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების მიმდინარე მაჩვენებლებს, ასევე მთავარ ტენდენციებს ფისკალურ დისციპლინასთან დაკავშირებით.




























