მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" პროპაგანდაა, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა"|რატომ გადაწყვიტა მთავრობამ სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმება

თამთა მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელ თამთა მიქელაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ სოციალური შემწეობის მიმღებთა გადამოწმების და მკაცრი კონტროლის დაანონსება, არის მცდელობა, სტატისტიკა შესაბამისობაში მოვიდეს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ „ეკონომიკურ ზრდასთან“.

როგორც ცნობილია, 13-წლიანი მმართველობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში „ანომალიები“ აღმოაჩინა. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მართალია, სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 710 000-მდე ადამიანი, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც 2025 წელს გამოშვებულ ავტომობილებს ყიდულობს ან ათეულობით ათასი ლარის შემოსავალი აქვს.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში თამთა მიქელაძემ ამ გადაწყვეტილების მიღმა არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებზე ისაუბრა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, „ანომალიური შემთხვევების“ ტირაჟირება მოქალაქეების სტიგმატიზაციას ემსახურება, რათა გადაფარონ ის ფაქტი, რომ ათიათასობით რეალურად ღარიბი ოჯახი სისტემის მიღმაა დარჩენილი.

„დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ ქვეყანაში არის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, მათთვის ეს მზარდი სტატისტიკა, სიღარიბის პირდაპირი ინდიკატორი - სოციალური შემწეობის მიმღებთა მაღალი რიცხვი, არის პრობლემა... მათ ამ სტატისტიკასთან გამკლავება სჭირდებათ, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ მითი შექმნან“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ჩნდება კითხვა - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიღმა ხომ დგას ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა, თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ხელისუფლება ამცირებს ისედაც მწირ სოციალურ პროგრამებს ისე, რომ საზოგადოებას სიღარიბის დაძლევის ალტერნატიულ გზებს არ სთავაზობს.

ვინ არის პასუხისმგებელი ათეულობით მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე? - „წერტილის“ წამყვანმა ეს კითხვაც დაუსვა თამთა მიქელაძეს, ვინაიდან ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ფულს ისეთი ოჯახებიც იღებდნენ, რომლებსაც ეს არ ეკუთვნოდათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ეს ხარვეზი თავად სახელმწიფოს მიერ შექმნილი სისტემის ბრალია და ხელისუფლება მას პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად იყენებდა.

„ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ ამ სისტემის პოლიტიზაცია ხდებოდა... ამას იყენებდნენ სწორედ იმისთვის, რომ ხმები მოეპოვებინათ და მოქალაქეების ლოიალობა ეყიდათ... ის ბიუროკრატია აფასებდა [სოცდაუცველი ოჯახების მდგომარეობას], რომელიც ახლაც არის სისტემაშია და როგორ შეიძლება სრულიად მოიხსნა პასუხისმგებლობა იმ 13 წელზე, როცა ისინი გარკვეულ სისტემებს ქმნიდნენ, ან პირიქით, არაფერს არ აკეთებდნენ?!“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.

რამდენად საკმარისია არსებული სოციალური დახმარება? - რესპონდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული სოციალური სისტემა არა - სიღარიბის დაძლევის, არამედ მხოლოდ „გადარჩენის“ მექანიზმია. თამთა მიქელაძის შეფასებით, სოციალური პოლიტიკა არის რიგიდული და ოჯახების რეალურ საჭიროებებს ვერ ხედავს

„ჩვენ მრავალი წელია ამ შემწეობების სისტემას ვაკრიტიკებთ, როგორც არასაკმარისს... ის არ არის ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად, იმიტომ რომ სიღარიბე ვერ დაიძლევა, თუ შენ არ გექნება ოჯახების გრძელვადიანი გაძლიერების, სერვისებზე წვდომის, განათლების, უნივერსალური დაზღვევის და უმუშევრობის დაზღვევის სისტემები... სანამ ხელისუფლება 8%-იან „შეძლებულ“ ბენეფიციარებზე საუბრობს, რეალობა ისაა, რომ 80 000-მდე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი საერთოდ ვერ ხვდება ბაზაში სისტემური ბარიერების გამო“, - თქვა მან.

თამთა მიქელაძის ხედვით, ქვეყანას სჭირდება არა კოსმეტიკური ცვლილებები და სოცშემწეობის მიმღებთა „აგრესიული შემოწმებები“, არამედ ფუნდამენტური რეფორმა. მისი აზრით, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

  1. რესურსების სამართლიანი გადანაწილება: „საგადასახადო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, არ მდიდრდებოდეს მხოლოდ 1% და არ ღარიბდებოდეს მოსახლეობის 90%“.
  2. ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში: „მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა და არა- დროებითი, ხელოვნური დასაქმების პროგრამები“.
  3. უნივერსალური სერვისები: „ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვასა და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომა, განსაკუთრებით რეგიონებში“.
  4. რეგრესის არდაუშვებლობა: „დაუშვებელია არსებული მცირე უფლებების ჩამორთმევა ალტერნატივის შეთავაზების გარეშე“.

„სოციალური პოლიტიკის გადმოსახედიდან უნდა დავსვათ მთავარი კითხვა: რაში უნდა ითარგმნოს ეს [ეკონომიკური] ზრდა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის?! ამას „ქართული ოცნება“ პასუხს არ სცემს. ჩვენთვის აშკარაა, რომ ამ ზრდით ისევ ოლიგარქიასთან და პარტიასთან დაკავშირებული ეკონომიკური და ბიზნესჯგუფები სარგებლობენ და არა - ჩვეულებრივი მოქალაქეები“, - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ.

₾1.6 მილიარდი და 710 000-ზე მეტი ბენეფიციარი - რა თანხა იხარჯებოდა სოცდაცვაზე, რომლის ბაზებიც გადაიხედება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები