საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს სოციალური შემწეობების მიმღებთა ბაზების გადახედვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბაზა არ შეესაბამება რეალურ სურათს და მასში არიან პირები, რომელთაც 2025 წელს შეძენილი ახალი ავტომობილებიც კი ეკუთვნით. კითხვაზე თუ რა პროცენტული მაჩვენებლით შეიძლება შემცირდეს ბაზაში არსებული მოქალაქეების რიცხვი, მინისტრი აცხადებს, რომ ამ მხრივ კლება ორნიშნა იქნება.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 710,000-ს გადააჭარბა, რაც დეკემბერთან შედარებით 2000-ით გაზრდილია, წლიურად მატება 4,000-ს აღემატება, 2024 წელთან შედარებით ბაზა 39,000-ით გაიზარდა, 10-წლიან ჭრილში კი მატება 278,000-ს აღემატება. ზრდის ძირითადი მდგენელი COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც ბაზაში შესვლის შემდეგ პირთა ქულების გადამოწმება აღარ ხდებოდა. ეს დროებითი პრაქტიკა გადაიხედება და კვლავ გადამოწმებას დაექვემდებარება.
2026 წლის მდგომარეობით, უშუალოდ საარსებო შემწეობებზე ყოველთვიურად 71 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.64 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს ბიუჯეტი 908 მილიონი ლარი იყო, 2015 წელს კი 615 მილიონი ლარი.
"ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში.
ამგვარად, იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ, აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის", - განაცხადა მინისტრმა დღეს.




























