"თუკი ვინმე თვლის, რომ არასწორად მოეხსნა შემწეობა, ბუნებრივია მას უფლება აქვს წარადგინოს საჩივარიც და სრული ყურადღებით მოხდება გადამოწმება ყველა იმ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც ამ პროცესში ვნახეთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული. მინისტრის თქმით, თითქმის 70 000 ოჯახი უკვე გადამოწმდა და მათ უმრავლესობას, შემწეობის მისაღებად საჭირო ქულა არ უგროვდება.
საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა მეთოდოლოგიის და პროცესის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მზად იქნება შეფასების ახალი მეთოდოლოგია, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ უჭირს შეაფასოს, როგორი იქნება მისი გავლენა.
"მოგეხსენებათ, წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგია არსებობს ოჯახების შეფასებისა იმისთვის, რომ შემდეგ ამის მიხედვით შეფასდეს როგორია მათ ქონებრივი მდგომარეობა და ამის მიხედვით იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები შემწეობის დანიშვნის ან გარკვეული სოციალური შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ეს მეთოდოლოგია არის იმგვარი, რომ უამრავი კომპონენტია, რომლის მიხედვითაც ხდება დაანგარიშება. არც ერთი ცალკე აღებული ცვლადი დამოუკიდებლად არ ახდენს გავლენას შეფასებაზე. ხშირად მოისმენთ ხოლმე შეფასებებს, რომ ამის და ამის გამო, ვთქვათ ტელევიზორის ქონის გამო, ან მაცივრის ქონის გამო და ასე შემდეგ – ეს არ არის სწორი. მთლიანობაში ეს არის ყველა ამ რამდენიმე ათეული კრიტერიუმის მიხედვით გაკეთებული შეფასება, რომლის შედეგადაც კეთდება დასკვნა, თუ რამდენი ქულა აქვს ოჯახს.
მოგეხსენებათ ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ შეჩერებული იყო ის მუშაობა, რასაც ჰქვია ოჯახების გადამოწმება და იგივე მეთოდოლოგიით, როდესაც დავიწყეთ ამ წლის მარტიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, პრიორიტეტულად ფასდებიან ოჯახები.
უამრავი ოჯახი შემოწმდა, უამრავი ოჯახი შეფასდა. ეს რიცხვი, თითქმის 70 000 ოჯახია, ვინც შემოწმდა და მათგან საკმაოდ დიდი სიმრავლეა ოჯახებისა, რომელსაც გადამოწმების შედეგად, იგივე მეთოდოლოგიის გამოყენებით, არ უგროვდებათ იმდენი ქულა, რომელიც ართმევს შესაძლებლობას მიიღონ საარსებო შემწეობა.
რასაკვირველია, კარგად მესმის, რომ როდესაც საუბარია ათეულობით ათას ჩატარებულ შემოწმებაზე, იქ თუ არსებობს რაიმე გადაცდომა, ამისთვის არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის შედეგადაც ხორციელდება მათ შორის გადახედვა არსებული პრაქტიკის და გადაწყვეტილებების მიღება, რა შემთხვევაშიც შეიძლება ან შეიცვალოს გადაწყვეტილება, ან დარჩეს თუნდაც უცვლელი. ეს არ ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ყველა შემთხვევაში ასე მოხდება, ან მაგალითად გადათვლის შედეგად დიდია ალბათობა, რომ ეს ყველაფერი გადაიხედება. ასეთი ალბათობა არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს არის დიდი.
რაც შეეხება შეწყვეტილ საარსებო შემწეობას, მე არ მგონია, რომ შემოწმების და შეფასების ის ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს, ისეთია, რომელიც საერთოდ შემოსავლის არმქონე ოჯახისთვის შეიძლება ითვალისწინებდეს შეწყვეტას. თუ, სადმე რაიმე მსგავსი ინციდენტია ინდივიდუალურად, ასე ვთქვათ, რომელიც გადახედვას საჭიროებს, ამისთვის ბუნებრივია სააგენტო აბსოლუტურად მზად არის, რომ ეს საკითხები განიხილოს და იმსჯელოს.
რაც შეეხება მეთოდოლოგიის მოძველებას, მეთოდოლოგია პერიოდულად გადახედვას აუცილებლად ექვემდებარება, ამ მეთოდოლოგიის გადახედვაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით, ახალი მეთოდოლოგიაც გქონდეს და ბუნებრივია, ამ ახალი, განახლებული კრიტერიუმების მეშვეობით გაგრძელდება მუშაობა.
ყოველ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე ეს პროცესი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით ხორციელდებოდა და ბუნებრივია ასეც გაგრძელდება", - ამბობს მინისტრი.
სარჯველაძის თქმით, ამ დრომდეც, ცალკეულ შემთხვევებში იყო ჩვეულებრივი გადამოწმება, მცირე მასშტაბით. მინისტრი აღნიშნავს, რომ სრული გადახედვა არ ხდებოდა ისე, როგორც რეკომენდებულია - მაგალითად, 4 წელიწადში ერთხელ. ამასთან, მან განმარტა, რა შეიძლება იყოს ბოლო წლებში ათასობით ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი.
"ოჯახების მდგომარეობა ან მაშინ იყო არასრულფასოვნად შესწავლილი, როდესაც დანიშვნა მოხდა, ან მოგვიანებით, როდესაც ახლა მიიღება გადაწყვეტილება, ამჟამად გაუმჯობესებული მდგომარეობაა. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, იცვლებოდეს ოჯახების მდგომარეობა და უდიდეს უმრავლესობა შემთხვევაში შეიძლება ეს ასეც ყოფილიყო.
შეიძლება არასწორად ჰქონოდა მინიჭებული ქულა? იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ოჯახი რაიმეს დამალავდა, ან ვერ აღირიცხებოდა რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ასეთ მოქმედებებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი, შეიძლება თეორიულად ეს იყოს მიზეზი", - აცხადებს მინისტრი.




























