„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განაცხადა, სადაც “ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2028 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა და 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება.
„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. "ოცნების ქალაქი" უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.
დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კობახიძემ.




























