მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების ქალაქში" მომხდარი ტრაგედია, სახელმწიფოს ხანგრძლივი უმოქმედობისა და გულგრილობის შედეგია - EMC

ოცნების ქალაქსი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 15 თებერვალს, “ოცნების ქალაქში” მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ორი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.

ცენტრი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და წერს, რომ რომ აღნიშნული ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში სტრუქტურული სოციალური და ეკონომიკური უსამართლობებისა და ჩაგვრის, ასევე სახელმწიფოს ხანგრძლივი უმოქმედობისა და გულგრილობის შედეგია.

"გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ოჯახები წარმოშობით ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან არიან, თუმცა, ეკომიგრაციის მიზეზით, წლების წინ - 2012 და 2018 წლებიდან, “ოცნების ქალაქში” დასახლდნენ და უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ადგილობრივების თქმით, ორივე ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვები სწორედ “ოცნების ქალაქში” დასახლების შემდგომ შეეძინათ.

“ქართული ოცნებისა” და რელევანტური უწყებების წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ სახელმწიფოს გულგრილობის და სტრუქტურული პასუხისმგებლობის საკითხები ასეთი მძიმე ტრაგედიების დროს, ცდილობენ საკუთარი ბრალეულობის გადაფარვასა და ადგილზე მომუშავე მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მუშაობისა და აზრის გამოხატვის ხელის შეშლას.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, საცხოვრისების დემონტაჟის შემდეგ, რაც 2024 წლის ზაფხულში მაცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემას მოჰყვა, ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ, შემოღობვა მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ საცხოვრისის მშენებლობის მეორე ეტაპის გახსნის დროს მოხდა, რომელიც მათ მიერ ტერიტორიის დატოვების შემდგომ რატომღაც მოიხსნა. მეტიც, ადგილობრივის განცხადებით, ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც ღონისძიების მიმდინარეობისას დასახლების უსაფრთხოებას ითხოვდა, არა მხოლოდ არ მოუსმინეს, არამედ პოლიციამ იგი განარიდა კიდეც ტერიტორიას.

შემაშფოთებელი და მცდარია ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ იმაზე მითითება, თითქოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არსებობს სამშენებლო არეალის მიღმა ბავშვების დაღუპვის შემთხვევაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა არის ბავშვის უფლებების კონვენციის ხელშემკვრელი მხარე და ძალაშია “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელიც მთავარ მიზნად ბავშვის კეთილდღეობის მიღწევას აცხადებს და ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყოს არასრულწლოვანთა უსაფრთხოების, სიცოცხლის, და ჯანმრთელობის უფლებების რეალიზაცია. მეტიც, კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, “ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას”. თავის მხრივ, ცხოვრების სათანადო სტანდარტი მოიცავს ბავშვის სულ მცირე, საკვებით, წყლით, საცხოვრისით, პირველადი ჯანდაცვით, კატასტროფისა და უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას. დამატებით, უფლებამოსილი ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს", - წერია განცხადებაში.

EMC წერს, რომ საყურადღებოა, რომ ტრაგიკულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, “ოცნების ქალაქში” საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ და რომელი ღონისძიებაც 209 165 ლარი დაჯდა.

"მომხდარი ფაქტი ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებების მნიშვნელობას არა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, არამედ ღირსეული სოციალური დაცვითა და საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილშიც, რომელიც, თავის თავში, საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებასაც მოიცავს. მიუხედავად მოსახლეობის მოლოდინისა, “ქართული ოცნების” მთავრობამ ვერ შექმნა ეფექტიანი და ჰარმონიზებული სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებსა და მათ საჭიროებებს გაითვალისწინებდა. სახელმწიფოში ასევე არ არსებობს არც უსახლკარობასთან ბრძოლის და საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა, რის გამოც, სხვადასხვა ჯგუფები, უკვე წლებია, თვითდახმარების ზომებს მიმართავენ, მათ შორის, მუნიციპალურ საკუთრებაში (და არა მხოლოდ) არსებულ მიწებზე თავშესაფრების აგების გზით.

“ოცნების ქალაქის” შემთხვევა ზემოაღნიშნულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე, ეკომიგრანტებსა და სხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, უბიძგა, თვითდახმარების მიზნით, ფრიდონ ხალვაშის N 188 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულიყო.

საყურადღებოა, რომ ტრაგიკულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, “ოცნების ქალაქში” საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მათ განაცხადეს, რომ ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყებოდა, რომლის ფარგლებშიც 1 077 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდებოდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის ცალკეული პროგრამების წლიურ ბიუჯეტებს შეიძლება რამდენჯერმეც კი აღემატებოდეს.

საზეიმო ღონისძიებებითა და დეზინფორმაციული რიტორიკით, “ქართული ოცნება” ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენიღბვასა და სიღარიბის დამალვას ცდილობს, თუმცა სწორედ ფატალური შემთხვევები და ტრაგედიები აშიშვლებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ უსამართლობებს და სახელმწიფოს გულგრილობას მოქალაქეების სოციალური საჭიროებებისა და უფლებების მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას, მოშლას და მმართველი პოლიტიკური პარტიის რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

კიდევ უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ადგილი არსებობს, სადაც ადამიანები კომპაქტურად არიან დასახლებული (მაგ., თბილისის (მათ შორის, აფრიკის დასახლება), ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) და სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მიუხედავად ამისა, საქართველოში უსახლკარო და არასათანადო საცხოვრებელში მცხოვრებ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც კი არ მუშავდება და სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობაც საფრთხის წინაშე დგას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ უცხადებს თანაგრძნობას გარდაცვლილთა ოჯახებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების შედეგად დადგინდეს დამნაშავეთა ვინაობა და მოხდეს მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა, ამასთანავე, არსებითია, სათანადოდ მოხდეს ამ ტრაგედიის გამომწვევი სისტემური მიზეზების აღმოფხვრა და სოციალური დაცვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისათვის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტს, უსაფრთხო გარემოსა და ეფექტიან სოციალურ დაცვას", - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

რა დაგვიჯდა "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის დაწყების ღონისძიება, რომელსაც კობახიძე დაესწრო?

რა ჯდება "ოცნების ქალაქის" მეორე ფაზის მშენებლობა? - დეტალები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები