ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყება 8 თებერვალს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა საზეიმო ღონისძიებაზე დააანონსა, სადაც “ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიხედვით, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას.
პირველი ეტაპის ფარგლებში კი, ოფიციალური ინფორმაციით, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა. "ოცნების" პრემიერმა 8 დღის წინ თქვა, რომ "800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში".
როგორ შეიქმნა ე.წ ოცნების ქალაქი?
ბათუმთან ახლოს, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ბატალიონების ტერიტორიაზე, უკვე მეთორმეტე წელია, მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში ცხოვრობენ. ეკომიგრანტებმა დასახლება თვითნებურად გააშენეს და აქაურობას „ოცნების ქალაქიც“ თავად დაარქვეს. ამ სახელის დარქმევა შემთხვევითი არ ყოფილა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერდა, რომ ოჯახებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდა, სჯეროდა, რომ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ბოლოს და ბოლოს შეძლებდნენ ცხოვრების ღირსეულ პირობებში გაგრძელებას.
"ოცნების ქალაქის" მეორე ფაზა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შპს "ანაგმა" მოიგო. სწორედ ის ააშენებს 9 მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლს, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას.
ტენდერის ჯამური ღირებულება 109.6 მლნ ლარია. კომპანიამ 2025 წლის 5 თებერვალს გაფორმებული კონტრაქტი 2028 წლის 6 მარტს უნდა დაასრულოს.
კომპანიის წილის 100%-ს ნანა აროშიძე ფლობს. დირექტორი კი, ირაკლი გოგოლიშვილია.
"ანაგი" ერთადერთი პრეტენდენტი არ ყოფილა. ტენდერში მონაწილეობდა შპს ბკ ქონსთრაქშენი, რომლის წილსაც თანაბრად ინაწილებენ "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი და ბიზნესმენი ირაკლი ბურდილაძე.
ცნობისთვის, 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.




























