მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" რომელი კანონების გაუქმების რეკომენდაცია გასცა ეუთომ? - "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში

პარლამენტი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

ანგარიშის თანახმად, ე.წ. „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ მიმართული კანონები, მედიაზე, შეკრებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე მოქმედ ცვლილებებთან ერთად, ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და დამანგრეველ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. ხაზგასმულია, რომ ამ კანონების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია.

უფრო დეტალურად, საკანონმდებლო რეფორმების შესახებ რეკომენდაციები ასეთია:

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები უნდა გაუქმდეს. მომხსენებლების შეფასებით, საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუთავსებლობის მასშტაბის გათვალისწინებით, ამ კანონების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მიზნობრივი ცვლილებებით შეუძლებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გადაწყვეტს ამ კანონების გაუქმებას, ისინი, სულ მცირე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა შეიცვალოს. ეს კი ნიშნავს სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას, ამ კანონების დარღვევისთვის ჯარიმების შემცირებას, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვებს იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში ფორმულირება გაცილებით ზუსტი უნდა იყოს.
  • ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვებს ეხება.
  • „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი უნდა გაუქმდეს.
  • სახელმწიფო ღალატის დანაშაულის წინაპირობები უნდა შევიწროვდეს და უფრო კონკრეტული გახდეს, რათა გამოირიცხოს ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ან „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტის (FARA) მოქმედების სფეროში მოქცეული პირების მიერ მთავრობის უბრალო კრიტიკისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.
  • რეგულაციები, რომლებიც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვის აბსოლუტურ აკრძალვას აწესებდა, უნდა გაუქმდეს. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების უფლებას (მაგალითად, ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის მოსაზრებებს შორის.
  • უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული.

„მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს 23-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეუთოსთვის, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა იქმნება. მომხსენებელი პატრიცია გჟებიკი თბილისში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

რა რეკომენდაციები მიიღო საქართველომ სასამართლო სისტემაზე? - ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები