ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების უზრუნველყოფით და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დიდი ხნის რეკომენდაციების შესაბამისად.
უფრო დეტალურად, ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მიმართ რეკომენდაციები სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ ასეთია:
- უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის სტანდარტების დაცვა, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა თანასწორობა და სისხლის სამართლის პროცესებში იურიდიულ დახმარებაზე სწრაფი წვდომა.
- სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტირება და პატივისცემა, მათ შორის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი რეფორმის გზით.
- სასამართლო პროცესის დროს, თუ არ არსებობს უსაფრთხოების დამაჯერებელი საშიშროება, შეწყდეს ბრალდებულების ნებისმიერი სახის გისოსებში მოთავსება.
- უზრუნველყოფილი იყოს იურიდიული წარმომადგენლების წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე, ფაილებსა და დოკუმენტებზე საკმარის დროში, რათა შეძლონ ეფექტური იურიდიული მხარდაჭერა.
- უზრუნველყოს სასამართლო პროცესების სათანადო გამჭვირვალობა.
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურების რეფორმირება, რათა გამოირიცხოს დაკავების საფუძვლად მხოლოდ პოლიციის დაუდასტურებელი ჩვენების გამოყენება.
„მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს 23-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეუთოსთვის, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა იქმნება. მომხსენებელი პატრიცია გჟებიკი თბილისში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.




























