მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულ ორ კომპანიას წელს ₾81 მლნ-ის ტენდერები აქვს მოგებული - TI

შემოწირულობა

2024 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 31-მა დონორმა ჯამში 961,176 ლარი შესწირა, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ ბიულეტენშია აღნიშნული, რომელშიც პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების სტატისტიკაა გაანალიზებული.

მიმოხილვის მიხედვით, "ოცნების" 31 შემომწირველთან დაკავშირებული ორი კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში ტენდერები მოიგო. "ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 81 მილიონი ლარი იყო. პარტიამ „ხალხის ძალა“ პირველად მიიღო შემოწირულება. მას ორმა პირმა ჯამურად 96,000 ლარი შესწირა, მათ შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე (მან პარტიას 38,000 ლარი შესწირა). ამავე პერიოდში ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 138 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.

სერგო ხაბულიანმა 4 აპრილს 10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. მას მარტშიც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 40,000 ლარი შეწირული და ამიტომ მასზე გასულ კვარტალურ ბიულეტენშიც ვწერდით. ბიულეტენის გამოქვეყნების შემდეგ მისმა კომპანიამ „ცეკური“ კიდევ ორი ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით 14.8 მილიონი ლარი; ხოლო, წლის დასაწყისიდან კომპანიას 79 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. 2013 წლიდან ამ კომპანიას 294 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 448,000 ლარი შესწირეს.

ვიქტორ ჯაფარიძემ პარტია „ხალხის ძალას“ აპრილში და მაისში 38,000 ლარი შესწირა. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა წლის დასაწყისიდან 16 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 138,514 ლარი იყო", - წერია TI-ის ბიულეტენში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მოკვლევის თანახმად, გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ 6 კომპანიას 2021-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში სუბსიდიები ჰქონდა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები