დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.
მას შეკითხვებით მიმართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: ნიკა მაჭუტაძე; ანა წითლიძე; დავით ხაჯიშვილი; გიორგი გოდაბრელიძე; თამარ ჩარკვიანი; სულხან სიბაშვილი; ბაჩუკი ქარდავა და გიორგი ბოტკოველი:
კითხვები, რომლებზეც დღეს განათლების მინისტრი უპასუხებს:
1. საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია - 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს?
2. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს.
3. არსებობდა და მიმდინარეობდა სკოლების ინტერნეტიზაციის და სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. ახლა ეს პროგრამა შეჩერებულია, აპირებთ თუ არა აღნიშნული პროგრამის განახლებას?
4. თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ
კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე - მეცხრამეტე საუკუნეში, ჰქონდა განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად?




























