მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოუფენ ნეტმა" ქვემო ქართლის ინტერნეტიზაციისთვის ₾19-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ინტერნეტიზაცია

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ "ოუფენ ნეტი" ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის 18.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

აღწერის თანახმად, კონტრაქტორმა კომპანიამ ქვემო ქართლის დასახლებულ პუნქტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. ტენდერში კომპანიებს წინადადებების დაფიქსირება 2026 წლის 29 მარტამდე შეეძლებათ.

ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების თარიღი 2 წლით გახანგრძლივდა, პროექტის ბიუჯეტი კი 40 მილიონი დოლარით გაიზარდა. შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.

როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად თავდაპირველად გამოყოფილი 70 მლნ ევრო (IBRD-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი) საკმარისი არ აღმოჩნდა, ასევე არასაკმარისი აღმოჩნდა პროექტის განხორციელების ვადებიც, რაც გახანგრძლივდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები