ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემებია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.
კერძოდ, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2022-2023 წლებში ვერ უზრუნველყო გადასახდელების პროგნოზირება და ბიუჯეტში ასახვა, ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ფულადი ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი) - მუნიციპალიტეტს 2024 წლის 1 ივლისისთვის 10.2 მლნ ლარის ნაშთი ჰქონდა. აუდიტის თანახმად, აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 8.2 მლნ ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
კერძოდ, დაზიანებულია კულტურისა და დასვენების პარკები, საჩოგბურთო კორტი, საფეხბურთო მოედანი, საავტომობილო გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსწორებულიყო არსებული ნაკლოვანებები. ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით მერიას არ ჰქონდა მიმართული მიმწოდებლებისათვის.
გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროექტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და მშენებლობის დასრულებაზე. მიუხედავად ამისა, მერიას საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
უმეტეს შემთხვევაში საექსპერტო ორგანიზაციებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებზე გაცემული აქვთ დადებითი დასკვნები. ხარვეზები გამოვლინდა 25.4 ათასი ლარის ღირებულების 10 საპროექტო დოკუმენტაციაში. შედეგად, 5.3 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისას, ხელშეკრულებებში შევიდა 18 ცვლილება და დასრულების ვადები გაიზარდა 24-235 დღით.
წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.
2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩატარებული 160 კვლევიდან 103 შემთხვევაში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. წყლის ხარისხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში შეუსაბამობები გამოავლინა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც (შემოწმებული 29 დასახლებიდან გადახრა გამოვლინდა 19 მათგანში) და მუნიციპალიტეტს მისცა შესაბამისი რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
აუდიტის თანახმად, 59 დასახლებაში მცხოვრები 16,754 ოჯახიდან, 13,184 ოჯახს წყალი მიეწოდება ჭაბურღილებიდან და წყაროებიდან; ასევე 6,512 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით.
სტიქიის სალიკვიდაციოდ განხორციელებული არაეფექტიანი ღონისძიებები - მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული 3.9 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან ბენეფიციარების მიერ გამოყენებულია 2.2 მლნ ლარის ღირებულების (55.2%) მასალა. დახმარების მიმღები მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს სამშენებლო მასალები დასაწყობებული აქვთ.
ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. ამასთანავე სრულად არ არის გამოყენებული გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ან დროის მცირე მონაკვეთში ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2022-2024 წლებში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაზე ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 17 შემთხვევა, ხოლო დროის მცირე მონაკვეთში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 2 შემთხვევა. ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე 481 შემთხვევაში 13.4 ათასი ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე.
ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება. ამასთანავე, ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები.
საბიუჯეტო ხარვეზები - მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტის პროექტები, დამტკიცებული ბიუჯეტები და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები არ მოიცავს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციებსა და განმარტებებს.
ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა არ განახორციელა სათანადო რეაგირება და განმეორებით დაუშვა ზოგიერთი დარღვევა, რომელიც აღწერილია აუდიტის 2019-2020 წლების ანგარიშში.




























