მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოზურგეთში ლოკოკინების ფერმა იყიდება - "ფასი დამოკიდებულია შეთანხმებაზე"

6315fa3397224
თამთა ჯიჯავაძე
05.09.22 17:43
3828
ოზურგეთში მდებარე ლოკოკინების ფერმა „ლოკოფერმი“ იყიდება. როგორც განცხადებაშია მითითებული, მთლიანად კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 3 ჰექტარია. ფერმა კი ერთი ჰექტრის ფართობზეა მოწყობილი. 

ფერმის თანამფლობელი ალექსანდრე რატიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ლოკოკინების ფერმა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის გაშენებული. მოწყობილია სარწყავი სისტემაც. რაც შეეხება ფასს, ეს დამოკიდებული იქნება პოტენციურ მყიდველთან შეთანხმებაზე, ვინაიდან კომპანია სარგებლობს იაფი აგროკრედიტით და საკრედიტო გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული "პროკრედიტ ბანკთან".

„ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. თუ მთლიან კომპანიას გამოისყიდის, სხვა ფასი იქნება. თუ ჩვენი წილების ნაწილს იყიდის, მაშინ ფასი კიდევ სხვა იქნება. ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება შეთანხმებაზე. შეიძლება იყოს 100 000 ლარი, ან 700 000 ლარიც. ჩვენ მოლაპარაკებებისას მოქნილები ვიქნებით“, - განუცხადა Bm.ge-ის ალექსანდრე რატიშვილმა.

მისივე თქმით, ფერმაში ჰექტარზე მოსავალი დაახლოებით 20 ტონა ლოკოკინას შეადგენს კარგი მოვლის პირობებში. ამჟამად გაშენებულია იტალიური ჯიშის ლოკოკინა - MAXIMA, რომლის ზრდის ვადა 7-8 თვეა სრულ ჩამოყალიბებამდე. როგორც რატიშვილი ამბობს, შესაძლებელია სხვა ჯიშების გაშენებაც, მაგალითად, Muller და სხვა.

ცნობისთვის, „ლოკოფერმის“ მოწყობა 2021 წლის დასაწყისში 0,5 მლნ ლარის ინვესტიციით დაიწყო. ლოკოკინების მოშენება კი გასული წლის შემოდგომაზე, ამიტომაც პირველი მოსავალი მიმდინარე წლის ივნისში მიიღეს. როგორც რატიშვილმა აღნიშნა, წლევანდელმა მოსავალმა ოთხი ტონა შეადგინა.



„ევროპაში ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. ლოკოკინების ბიზნესი საქართველოში საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ეს ექსპროტზე ორიენტირებული პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც როგორც დასაქმების მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს ხელს, ასევე ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების შემოდინებასაც", - განმარტა რატიშვილმა.

ლოკოკინების ფერმაში ამ დროისთვის დასაქმებულია ხუთი ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები