მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა სალია რუსთავი 2-ში ახალი მეწილის შესაძლო გამოჩენაზე: "საუბრები მიმდინარეობს"

60424fb3bce61
შოთა ტყეშელაშვილი
05.03.21 19:37
1337
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში შესაძლოა, ახალი მეწილე გამოჩნდეს. მოლაპარაკებების შესახებ BMG-ის არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა. მისი თქმით, თუკი ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

“გარკვეული საუბრები ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს. თუ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, ამის თაობაზე აუცილებლად გაგაგებინებთ,”- აცხადებს პაატა სალია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად “ტაბულამ” გაავრცელა. BMG-სთან საუბარში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ცვლილების მიზეზი სარეკლამო შემოსავლების შემცირება, ასევე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და არხის რეიტინგის კლებაა.

“ვგეგმავთ, რომ უფრო ოპტიმალურად გამოვიყენოთ თანხები, რაც სარეკლამო შემოსავლების მეშვეობით გენერირდება. ორგანიზაციის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, უფრო ოპტიმალური უნდა გახდეს. ეს გამოწვევა ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წელს გვქონდა, როდესაც მოვედით არხის მენეჯმენტში სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდგომ. თუმცა, გარკვეულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ამ რეორგანიზაციის ჩატარებას, სხვა გამოწვევებიც გვქონდა, რადგან მაშინ არხი ფინანსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. იყო სასამართლო დავები კრედიტორებთან. დატვირთული წელი იყო პოლიტიკურადაც.

ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი გადაცემა გაგვეშვა საეთერო ბადეში და ეს ამოცანები, ვფიქრობ, რომ შარშან წარმატებით გადავწყვიტეთ. თუმცა, ამ ეტაპზე პანდემიისგან შემცირებული სარეკლამო ბაზრის ფონზე, ვეძებთ გზებს, რათა უფრო ეფექტური მართვა გვქონდეს. რეორგანიზაცია არ გულისხმობს თანამშრომლების დათხოვნას, ამაზე არ არის ამ ეტაპზე საუბარი. ჩვენი ამოცანაა, რომ კომპანია კიდევ უფრო განვავითაროთ და არხი იყოს უფრო ყურებადი. გვაქვს ამბიციური გეგმები წლევანდელი და მომავალი წლისთვის და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გავიზარდოთ რეიტინგში. ამას ემსახურება რეორგანიზაციის პროცესი,”- აცხადებს პაატა სალია.

კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2020 წელს “რუსთავი 2”-ის შემოსავალი 8.87 მილიონი ლარით შემცირდა და 14.26 მილიონი ლარი შეადგინა.

სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, “რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. ამჟამად ტელეკომპანიის მეწილეთა სია ასეთია: “რუსთავი 2”-ის 60%-იან წილს ფლობს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, 40%-იან წილს კი შპს “პანორამა”. თავისმხრივ, “პანორამას” 100%-იან წილს ქიბარ ხალვაში ფლობს. შესაბამისად, არხის 100%-იანი წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები