ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ვიზა შეუჩერდება 26 სექტემბერს, ნიუ-იორკის ქუჩებში პალესტინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო, სადაც პეტრო სიტყვითაც გამოვიდა და ამერიკელ სამხედროებს მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებებს.
“მისი დაუფიქრებელი და სახიფათო ქცევის გამო, პეტროს ვიზას შევუჩერებთ”, - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე.
გაეროს შტაბთან გამართულ პრო-პალესტინურ აქციაზე პეტრომ ასევე ისაუბრა ერთიანი, გლობალური სამხედრო ჯგუფის შექმნაზე, რომლის პრიორიტეტიც პალესტინის გათავისუფლება უნდა იყოს და ამერიკულ ძალაზე ძლიერი უნდა იყოს.
პეტრომ, რომელიც კოლუმბიის პირველი მემარცხენე პრეზიდენტია, ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ლიდერი გენოციდში იღებს მონაწილეობას და გამოძიებული უნდა იყოს მისი სავარაუდო სარაკეტო თავდასხმები კარიბის ზღვაში.




























