პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს ფოთის სასამართლომ შავი ზღვის დაბინძურების გამო ₾100 000-ის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
"პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 20 000 ლარზე მეტია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა", - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი, 2024 წლის განმავლობაში კი - 16 ფაქტი.




























