მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დასრულების მიუხედავად, მომხმარებლის მხრიდან კვლავ მაღალია მოთხოვნა ონლაინ შესყიდვებზე - "თიბისი კაპიტალი"

6453c14aacc29
BM.GE
04.05.23 20:30
532
სამომხმარებლო საქონლის ბაზრის ფიზიკური სივრციდან ელექტრონულ არხებში გადასვლის პროცესი კოვიდ-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა, პანდემიის დასრულების მიუხედავად, მომხმარებლის მხრიდან კვლავ მაღალია მოთხოვნა ონლაინ შესყიდვებზე, რაც უფრო კომპლექსურს ხდის ბაზრის მონაწილეებისთვის მიწოდების არხების სისტემას, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

„განვითარებულ ქვეყნებში, საცალო მაღაზიები სთავაზობენ მომხმარებელს სახლში მიწოდების სერვისს, როგორც მომენტალურად, ასევე გარკვეული გრაფიკით. ასევე, პოპულარულია წინასწარ შეკვეთების განთავსება ონლაინ არხებში და მომხმარებლების მიერ თავად ვიზიტი ობიექტში შეკვეთილი პროდუქციის მისაღებად.

მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია მობილური აპლიკაციების მიმართ. მოსახერხებელი, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი შესყიდვის მეთოდები უკვე გავრცელებული არის სხვა პროდუქტების ბაზრებზე, რაც სამომხმარებლო საქონლის მიმართ დამოკიდებულებაშიც აისახება“, - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სავაჭრო არხების მრავალფეროვნება, მაღაზიათა ქსელების სხვა სექტორებში ოპერირებად ფირმებთან თანამშრომლობას განაპირობებს. „ხშირ შემთხვევაში, ეს გამოიხატება მიტანის სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან დადებული კონტრაქტებით, რადგან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მხოლოდ საკუთარი რესურსებით მიტანის სერვისის უზრუნველყოფა დიდ ინვესტიციებს მოითხოვს მაღაზიათა ქსელების მხრიდან“, - დასძენენ ისინი.

შესყიდვის მეთოდების მრავალფეროვნებას შემოსავლის ზრდასთან ერთად საოპერაციო სირთულეებიც ახლავს. დამატებითი არხებიდან შეკვეთები, რიგ შემთხვევებში, მაღაზიის ცარიელ დახლებში აისახა, რადგან გაყიდვის მოცულობებში, დისტანციური შეკვეთების გათვალისწინების პრაქტიკა არ არის ფართოდ დანერგილი კომპანიებში.

„აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სავაჭრო ქსელები დამოუკიდებელ სადისტრიბუციო ცენტრებში ინვესტირებას გეგმავენ, რომლებიც მხოლოდ ციფრულ არხებში განთავსებულ შეკვეთებს მოემსახურება და ფიზიკური მაღაზიების მარაგებიდან აღარ მოხდება ონლაინ შესყიდვების მომსახურება“, - ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები