ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კოვიდის პერიოდში კლინიკებს ჯარიმები არაერთი მიმართულებით გამოვლენილი ხარვეზების გამო დაეკისრათ, თუმცა ეს შემსუბუქებადია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხზე მუშაობა გრძელდება, თუმცა უკვე შეთანხმებული პრინციპია, რომ კლინიკები დავალიანების ნაწილის, 20%-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის დანარჩენი 80%-ის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
მისივე თქმით, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს კლინიკების გაზიარებადი მოთხოვნები გაითვალისწინოს.
„როდესაც რაიმე შეღავათზეა საუბარი, არაფრის დიდებით არ შეიძლება ასეთი შეღავათის მონათვლა, რომ თითქოს ეს არის შემოწმების ავკარგიანობის შეფასების ინსტრუმენტი. როდესაც მაგალითად ამნისტია ცხადდება, არც ერთი ამნისტია არ ნიშნავს, რომ რომელიმე პირის მიმართ აპრიორი არასწორ ბრალდებას ჰქონდა ადგილი. ნამდვილად არსებობდა ნაკლოვანებები და ხარვეზები კლინიკების საქმიანობაში კოვიდის პერიოდში, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სახელმწიფომ შეცვალოს მიდგომები და ეს არის მამოძრავებელი ამ ინიციატივისთვის. ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ამაზე კლინიკებიც საუბრობდნენ და ჩვენც ბუნებრივია, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვუსმინოთ პირველ რიგში და ყველა ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს გაზიარებული, მხედველობაში იქნეს მიღებული ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფორმები და ეს შემსუბუქებადია. თემასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებაც უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობს დეტალების შესახებ“,- თქვა მინისტრმა.
მან ჯარიმების მოცულობა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ თანხა კლინიკების მიხედვით განსხვავებულია.
ცნობისთვის, მთავრობა კლინიკებისთვის კოვიდ პანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმების ნაწილის ჩამოწერას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან.
პანდემიასთან დაკავშირებული ჯარიმების თემა აქტუალური ჯერ კიდევ 2022 წელს გახდა. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კოვიდკლინიკებს თითოეულ ცარიელ საწოლზე 180 ლარს უხდიდა, მაშინ როცა დატვირთულობა 60%-იანი იყო. მისი თქმით, "ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა". მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავებოდა. საქმეების დიდი ნაწილი სასამართლოში გადაიგზავნა. ითქვა, რომ რიგი კლინიკები მილიონობით ლარით იქნა დაჯარიმებული. თავის მხრივ, კლინიკები ჯარიმების ჩამოწერას ითხოვდნენ.