მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Panex-ი წარმადობის გაზრდას გეგმავს - რა უპირატესობა აქვს პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს მშენებლობაში?

63e22e4365bfe
თინათინ ნატმელაძე
07.02.23 15:10
957
2015 წელს ქართული ინვესტიციით დაფუძნებულმა სენდვიჩ პანელების მწარმოებელმა კომპანია Panex-მა 2022 წელს ცვლილებები განახორციელა - გააფართოვა და განაახლა საწარმოო ხაზი და შედეგად, გასულ წელს 300 000 კვადრატული სენდვიჩ პანელი აწარმოა.

აღსანიშნავია, რომ Panex-ი ერთადერთია, რომელიც კედლის და სახურავების პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებსა და მაცივრის კარებს საქართველოში აწარმოებს. Panex-ის ქარხანა რუსთავში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარეობს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლევიძე BMG-თან აცხადებს, მათი ერთადერთი კონკურენტი იმპორტიორები არიან, რომლებიც პროდუქციის ძირითადი ნაწილის იმპორტს თურქეთიდან ახორციელებენ. თუმცა, მათი უპირატესობა მაღალი ხარისხია.

„Panex-ი ინდუსტრიული სამშენებლო მასალის, პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ჩვენი საწარმოო ხაზი არის იტალიური, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული, გვყავს ბერძენი ტექნოლოგი, რომელსაც 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ასევე მუდმივად ჩამოგვყავს უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ჩვენს წარმოებას აფასებენ და მის გაუმჯობესებაში გვეხმარებიან.

ჩვენი ერთადერთი კონკურენტები არიან იმპორტიორები, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ იმპორტი გარკვეულწილად ჩავანაცვლოთ. ცხადია, რომ სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგრამ გვინდა, რომ ქართული წარმოების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და როდესაც არჩევანი იქნება გასაკეთებელი, იმპორტირებული პროდუქცია მხოლოდ ფასის გამო არ აირჩიონ და პროდუქტის ხარისხსაც შეხედონ.“ - განაცხადა გიორგი ლევიძემ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია თითოეული მყიდველისთვის პერსონალურად სასურველი რაოდენობისა და ზომის პროდუქტს ამზადებს, რაც დამკვეთებს უზოგავს რესურსს. კითხვაზე, კიდევ რა უპირატესობები აქვს Panex-ის სენდვიჩ პანელებს მშენებლობის პროცესში, გიორგი ლევიძე ამბობს, რომ მას აქვს თბოიზოლაციისა და ბგერითი იზოლაციის ფუნქცია, მშენებლობისას კი ის არის ძალიან მოქნილი და მარტივი პროდუქტი, რომლის გამოყენებაც დანაკარგების გარეშეა შესაძლებელი.

Panex-ის პროდუქციით 2022 წელს 100-ზე მეტი დიდი და საშუალო შენობა აშენდა, მათ შორის კომპანიას მონაწილეობა აქვთ მიღებული „კოკა-კოლას“, „ბრედფილდის“, „ბარამბოს“, „ბოინგის“, „გუდვილის“ და სხვა საწყობების მშენებლობაში.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, რომ წარმოებული პროდუქციის 25% ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის, ერთჯერადად პროდუქცია ამერიკაშიც გაგზავნეს, საიდანაც დადებითი გამოხმაურება მიიღეს და ამ ეტაპზე აშშ-ის ექსპორტისთვის რეგულარული სახის მიღებაზე მუშაობენ.
2023 წელს Panex-ი წარმადობის გაზრდას და 500 000 კვადრატული პროდუქტის წარმოებას გეგმავს.
ინფორმაციისთვის, კომპანია ამჟამად 50 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები