ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩს შეხვდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის კუთხით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კვლავ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით.
"მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე. შალვა პაპუაშვილმა თანამომხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ კანონებს, რომელთა თაობაზე კრიტიკული განცხადებები კეთდება, განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ამიტომ, პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის საკითხით.
გუშინ, 10 ნოემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მედია ექსპერტებს შეხვდნენ.




























