მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილი: გერმანიის სრული მხარდაჭერა გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე

638ae73971a27
BM.GE
03.12.22 10:13
636
„მნიშვნელოვან მომენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა გერმანიის პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც მაღალი დონის შეხვედრებისას გამოიკვეთა.

„ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა.

გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან.
ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე, სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონალური მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლაფტორმას უზრუნველყოფს.

„საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლაფტორმას. საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები