პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
BMG დაინტერესდა რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან.
ვაჭრობა
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 1.5 მლრდ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდა 16%-ს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვის ამგვარი ზრდა ორ ქვეყანას შორის უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, როცა საქართველოდან ყირგიზეთში მანქანების რეექსპორტი დაიწყო. მაგალისთვის 2022 წელთან შედარებით საქართველო-ყირგიზეთს შორის ბრუნვა 1437%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, 2026 წლის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 40%-ით 653 მლნ დოლარამდე შემცირდა, რისი მიზეზიც კვლავ მანქანების რეექსპორტის კლებაა. რაც შეეხება ექსპორტს, აქედან ექსპორტი 650 მლნ დოლარი იყო, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება 39%-ს შეადგენს. რაც შეეხება იმპორტს, ყირგიზეთიდან იმპორტმა 2.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 32%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოდან ექსპორტზე ყირგიზეთში ძირითადად მანქანები გადის, წელს 620 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გაიყიდა ყირგიზეთში. მეორე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს თითქმის 5 მლნ დოლარით, 4.4 მლნ დოლარით მესამე ადგილზეა მინერალური სასმელები. იმპორტში ძირითადი ადგილი უკავია პარკოსან ბოსტნეულსა და (612 ათასი დოლარი) ხახვს (325 ათასი დოლარი).
ტურიზმი
ყირგიზეთის წილი ქართულ ტურიზმში ძალიან მცირეა. 2026 წლის 9 თვეში ყირგიზეთიდან საქართველოში 15 056 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეს ჯამური ვიზიტორების მხოლოდ 0.3%-ია.
ფულადი გზავნილები
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყირგიზეთიდან საქართველოში 42.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ფულად გზავნილებში მე-14 ადგილს იკავებს.
























