პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობით მიმართავს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ წერილთან ერთად პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაც გადაეგზავნება.
"პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და მათი საკომიტეტო განხილვების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივებით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში, „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ და სხვა", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიუროს სხდომაზე გამარტივებული და დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.




























