შალვა პაპუაშვილის განცხადებით, BBC-ის წინააღმდეგ საჩივარი უკვე მომზადებულია და დადგენილ ვადებში აუცილებლად იქნება შეტანილი.
მისი თქმით, არსებული პროცედურის მიხედვით, საჩივრის წარდგენა თავდაპირველად BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში უნდა მოხდეს.
„შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე BBC აღიარებს იმას, რომ ის სიუჟეტი იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია. თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებს მივმართავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მოთხოვნა მარტივია და მანიპულაციური შინაარსის აღიარებას უკავშირდება.
„რაც ვითხოვთ, მარტივია — იყო მანიპულაციური სიუჟეტი და შესაბამისად ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამას საზოგადოება ნახავს. ამ ეტაპზე არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბრო შინაარსზე. როდესაც საჩივარი გასაჯაროვდება, მაშინ ყველაფერი ცნობილი იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, პროცესში ყველა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი იქნება გამოყენებული.
„არსებობს შესაბამისი პროცედურები. პირველი ეტაპია BBC-ის შიდა მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. თუ საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან, ვნახოთ, ამ შემთხვევაშიც როგორ სტანდარტს დაიცავენ. შემდეგ არის შემდეგი ინსტრუმენტები — მარეგულირებელი კომისია და სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით, როგორც ეს საჭიროა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აქციების დაშლისას გამოყენებულ საშუალებებთან დაკავშირებით BBC-მ საგამოძიებო მასალა მოამზადა. გამოცემის ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ჩასახშობად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის მტკიცებით, ექსპერტებთან, ექიმებთან და სპეცრაზმის ინსაიდერებთან ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა ნივთიერება „კამიტის“ გამოყენების კვალი.
ბრალდებებს „ქართულმა ოცნებამ“ დეზინფორმაცია უწოდა და სამართლებრივი დავა დააანონსა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება სარჩელს თავდაპირველად ბრიტანულ მარეგულირებელში შეიტანს. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.




























